პეტრე მელიქიშვილის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

პ. მელიქიშვილის გამზ #13-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი, ე.წ. საშემოსავლო სახლი, მოსე კაზიევის დაკვეთით,  პროფესიული განათლების მქონე პირველი ქართველი არქიტექტორის - სვიმონ კლდიაშვილის 1902 წლის პროექტის მიხედვით აშენდა. ბაროკოსა და კლასიციზმის ნიმუშებით შთაგონებული, მდიდრულად დეკორირებული ეკლექტიკური ფასადი მაშინვე იქცევს ყურადღებას და დომინანტის როლს თამაშობს არსებულ განაშენიანების მხატვრულ-არქიტექტურული სახის შექმნაში. საფასადო კომპოზიციის საერთო აღნაგობა კარ-სარკმელთა ღიობების გარშემო კონცენტრირებული პლასტიკური შემკულობის სიუხვის მიუხედავად, მოხდენილი და ელეგანტურია. მწყობრი და მოწესრიგებული ფასადის სიმეტრიულობას უზრუნველყოფს,  როგორც ლითონის აჟურული აივნებისა და სწორკუთხა და თაღოვანი ღიობების განლაგების ლოგიკა, ისე დეკორატიული პილასტრები და მრუდხაზოვანი მოხაზულობის სამერცხლულით აქცენტირებული ცენტრალური პარაპეტი. 
ლათინური ასო “U”-ს გეგმის მქონე შენობა, თბილისური საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაციის ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს და  მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.