სამღებროს ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

სამღებროს ქ.#21-ში მდებარე ძველი ქართული აგურით ნაშენი კუბური მოცულობის მქონე ორსართულიანი შენობა XIX საუკუნის შუახნით თარიღდება და თბილისური აივნიანი სახლების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს გვთავაზობს. საცხოვრებელი სახლის მთავარი მხატვრულ-არქიტექტურული მოტივი ხის რიკულებიანი შეკიდული აივნია, რომელიც სამღებროს ქუჩაზე გამოდის. ყურადღებას იმსახურებს აგურის შებრტყელებულთავიანი თაღოვანი ღიობებით გახსნილი სახლის პირველი სართულიც, რომელსაც, სავარაუდოდ, ძველადვე კომერციული ფუნქცია ჰქონდა და სავაჭრო სივრცეს წარმოადგენდა. აბანოთუბნის ამგვარი ხის აივნიანი თუ შუშაბანდიანი სახლები თბილისის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. სახლების ეს რიგი კარგად აღიქმება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან და მეტეხის პლატოდან. მთელი ქუჩა თითქოს შერწყმულია ნარიყალას ციხის ძირის განაშენიანებასთან. 
სამღებროს ქუჩა თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა, რომელიც ქალაქის 1876 წლის გეგმაზეა დატანილი. XIX საუკუნის დასაწყისში, 1808 წელს სიონის ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებზე მომხდარი ხანძრის გამო აქ გადმოიტანეს სამღებრო სახელოსნოები უძველესი სამღებრო რიგიდან — ლილახანიდან (ახლანდელი ანტონ კათალიკოსის ქუჩა). ახალი სადგომი ხელსაყრელი იყო გოგირდის აბანოებთან სიახლოვის გამო. ბუნებრივი თბილი წყარო ჩაედინებოდა მდ. დაბახანაში (წავკისისწყალი), სადაც მღებავები ქსოვილებს რეცხავდნენ. სამღებრო რიგს სამღებრო ქუჩა 1870-იან წლებში ეწოდა.