დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დ. აღმაშენებლის გამზ. #114-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული, საკმაოდ დიდი მოცულობის შენობა საიმდროოდ ფართოდ გავრცელებული საშემოსავლო სახლის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ეკლექტიკური სტილის კლასიცისტური ფასადი ბაროკოს არქიტექტურულ მოტივებსაც მიმართავს, თუმცა თვალში, პირველ რიგში, არაბაროკალურად მწყობრი და მოწესრიგებული საფასადო კომპოზიცია გვხვდება. საფასადო კედელს სიმეტრიულად ანაწევრებს რუსტირებული პილასტრებით მონიშნული რიზალიტები, ლითონის აჟურული აივნები და კარ-სარკმლის ღიობები, რომლის გარშემოც კონცენტრირდება ძირითადი პლასტიკური შემკულობა. ბაროკოს არქიტექტურულ მოტივად კი გვევლინება ბალუსტრადიანი პარაპეტი და ცენტრალური რიზალიტის დამაგვირგვინებელი  ლუნეტიანი მრუდხაზოვანი ფრონტონი. 2009-2011 წლებში სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად სახლზე მანსარდული ტიპის დაშენება გაკეთდა. 
მოცემული შენობა თბილისური საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაციის ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს; ადგილობრივი ტრადიციისამებრ, სახლის ევროპული სტილის ფასადს ცვლის ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო, სადაც ძველად სამივე სართული მთელ პერიმეტრზე მოწყობილი ხის ჭვირული აივნებით იხსნებოდა. 1920-იანი წლებში, როდესაც გასაბჭოების შემდეგ მეპატრონეთათვის ჩამორთმეულ კერძო სახლებში რამდენიმე ოჯახი შეასახლეს, არასაკმარისი ფართობის გამო, აივნები შეიმინა და შუშაბანდად გადაკეთდა.