დეტალური ინფორმაცია
დ.აღმაშენებლის გამზ. #174 - ში მდებარე XIX საუკუნის დასასრულის ორსართულიანი შენობა კურდონერის ტიპის მომცრო ეზო-სკვერით გამოდის გამზირზე. რენესანსულ-ბაროკოული არქიტექტურული ელემენტებით გაფორმებული ნაგებობა ეკლექტიზმის ნიშნებს ატარებს. სიმეტრიის ღერძს მოკლებული მთავარი ფასადი ვერტიკალური დანაწევრებით იქცევს ყურადღებას. იგი ორი, სხვადასხვა დონის რიზალიტურ შვერილსა და მათ შორის მოქცეულ ვიწრო კედლის სიბრტყეებს აერთიანებს. საფასადო კედელს აგვირგვინებს კრონშტეინებზე შედგმულ პროფილირებულ კარნიზებს დაყრდნობილი პარაპეტი, ურთიერთმონაცვლე ყრუ და ბალასინებიანი მონაკვეთებით, რომელიც მოხდენილ, სადღესასწაულო იერს ანიჭებს შენობას.
მოცემული ნაგებობა მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებით თვალსაზრისით; ქუჩის წითელი ხაზის გასწვრივ ერთმანეთთან მიჯრით, მწკრივად მდგარი შენობების რიგში იგი ერთგვარი პაუზის როლს ასრულებს. შენობა სრულიად ორგანულადაა ჩაწერილი უბნის საერთო ურბანულ კონტექსტში; პროპორციული თუ მასშტაბური, მხატვრულ-სტილისტური თუ სივრცულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით იგი განუყოფელია ქუჩის ისტორიული განაშენიანებისგან.