დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #176-ში მდებარე ორსართულიანია შენობა აკადემიურად, ორდერით გაწყობილი ფსევდო-კლასიცისტური ფასადითა და თბილისური ტიპის ხის აივნებიანი შიდა ეზოთი XIX საუკუნის საცხოვრებლის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. ორ განაპირა რიზალიტად დანაწევრებული მთავარი ფასადი საერთო კონფიგურაციით სიმეტრიულია. მთლიანობაში ფასადის დეკორატიული გაფორმება სადა და უპრეტენზიოა. კედლის სიბრტყეთა ნალესობაში გამოყვანილი რუსტი მარტივად პროფილირებულ ჩარჩოებში მოთავსებულ კარ-ფანჯარათა ღიობებს ედება ფონად.  უსამკაულოა რიზალიტების შემომსაზღვრელი კედლის პილასტრები და ოვალური ფრონტონები, სართულშუა თარო, მცირედ შვერილი კარნიზი. მეორე სართულის განმასხვავებელ სამკაულად უნდა მოვიაზროთ სიმეტრიის ღერძზე დატანილი რკინის ჭვირულმოაჯირიანი ღია აივანი და სარკმლების თავზე განლაგებული სწორკუთხა სანდრიკები.