პეტრე მელიქიშვილის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

პ. მელიქიშვილის გამზირის # 9ა და შ. ღამბაშიძის ქუჩის #12 კუთხეში მდებარე დიდი ზომის, კუთხეჩამოთლილი სამსართულიანი შენობა XIX საუკუნის მიწურულით თარიღდება. უხვადდეკორირებული ელეგანტური ფასადების ეკლექტიკური მორთულობა რენესანსისა და ბაროკოს სტილთა არქიტექტურული მოტივების კომბინაციაზეა აგებული. ხშირი და თანაბარზომიერი რიტმით განლაგებული სწორკუთხა კარ-სარკმლები, ლითონის აჟურული აივნები და კედლის რუსტირებული მწკრივები მწყობრ, მკაფიოდ დანაწევრებულ საფასადო კომპოზიციას ქმნის. მხატვრულ-არქიტექტურული ფასეულობიდან და სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურიდან გამომდინარე, შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამზირის მხატვრულ-ისტორიული და გეგმარებითი სახის შექმნაში.