გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

მაზნიაშვილის ქ.#18-ში მდებარე შენობა  მაზნიაშვილისა და ნინოშვილის ქუჩათა კვეთაზე მდებარეობს და დიდწილად გასნაზღვრავს არამხოლოდ ქუჩის, არამედ ზოგადად უბნისა და თუ ქალაქის მხატვრულ გამომსხველობას. ნაგებობა თავისი ფორმით –  ქუჩათა კვეთაზე ჩამომდგარი ფასადით, ქალაქგეგმარებით ფუნქციასაც ითავსებს. საცხოვრებელი სახლი იმ გამორჩეულ ნაგებობათა რიცხვშია, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათს ქმნის და უცხოელ სტუმართა თუ ადგილობრივების დიდ ინტერესს იწვევს.
სამსართულიანი შენობა, გამორჩეული მხატვრული თუ არქიტექტურული გამომსახველობით ხასიათდება. ქუჩათა კვეთაზე წარმოდგენილი მონაკვეთი, მის მთავარ ფასადს წარმოადგენს, რომელიც შენობის დომინანტსა და მის ძირითად ღერძს ქმნის ოთხწახნაგიანი, კუთხოვანი ხის შუშაბანდი, რომელიც ორივე ქუჩის კვეთაზე იხსნება და შენობის კონფიგურაციას შემოწერს. შუშაბანდის მეორე სართული, ხის საკმაოდ მძლავრ დორიულ სვეტებს ეურდნობა, რომელთა შორის ჩასმულია ხისავე დეკორატიული, ჭვირული, მუშარაბები. მეორე სართულის აივანი, ხის მასიურ, კბილანებიან კრონშტეინებს ეყრდნობა. ხის სვეტები, ხისავე ბაზებს ეფუძნება, რომელიც აივნის კონფიგურაციიდან ოდნავ შვერილია, სწორედ ამიტომ, აივნის კუთხები და დეკორატიული მუშარაბები, სხვადასხვა სიბრტყეზე ლაგდება, რაც დინამიკას და დღის სხვადასხვა ინტერვალში, განათების დროს, ერთგვარ სიცოცხლეს ანიჭებს მას.
მესამე სართული, იგივე დეკორატიული წყობით იქმნება, თუმცა მეორესგან განსხვავებით, აქ მასიური ხის დორიული სვეტები, ბრტყელი პილასტრებით არის ჩანაცვლებული. სტრუქტურულად ხის მუშარაბები და ნახატიც იგივე სახის არის, თუმცა განსხვავებულია თავად ხის კვეთის სიფაქიზე.
ასევე აღსანიშნავია  მცირედი განსხვავება მეორე და მესამე სართულის პროპორციებს შორის. მეორე სართული მეტად დახვეწილი, სრულყოფილი პროპორციის არის, მაშინ როცა მესამე სართული, მასთან შედარებით უფრო დაბალია. დაკვირვებისას ასევე შეინიშნება  განსხვავება სართულების დამაბოლოებელ ხის კოჭებს შორისაც. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მესამე სართული, შენობაზე მოგვიანებით ყოფილიყო დადგმული, თუმცა ძალიან მალევე; ან მეორე, შესაძლებელია, რომ დამატებითი სართული თანადროული იყოს, ხოლო მხატვრული გადაწყვეტა სხვა ხელს ეკუთვნოდეს. ერთი შეხედვითაც თვალნათელია, რომ შენობა, XIX საუკუნის მეორე ნახევარს, თბილისური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებს იმეორებს. ამდროინდელი შენობათა ნაწილი,  ხის, გულღიად გახსნილი შიდა ეზოებით, აივნებით და მის საპირისპიროდ სადა კლასიცისტური ფასადებით ხასაითდება. აღნიშნულ მაგალითზე,  თუ შიდა გახსნილობა ფასადზე სრული სისავსით გამოდის, გვერდითა ფასადებს  სადა, წყნარი კლასიციზმი ავსებს. სამწუხაროდ, გვერდითა ფასადები, ძლიერ სახეცვლილია, თუმცა სულ რამდენიმე წლის წინანდელ ფოტოებზეც ჩანს, რომ მას მკაფიოდ კლასიცისტური სახე ჰქონდა.