მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

ლერმონტოვის ქ.# 2-ში  და გუდიაშვილის მოედნის კვეთაზე მდგარი საკმაოდ დიდი მოცულობის საცხოვრებელი სახლი 1896 წელსაა აშენებული, რასაც ფრონტონზე დატანილი წარწერა გვატყობინებს. აქვეა მოცემული სახლის სავარაუდო მფლობელის ინიციალები – “А.Г.” ბაროკოს სტილის მოტივებზე აგებული ეკლექტიკური ფასადები უხვადაა გაწყობილი ნაძერწი სამკაულით - სარკმლის ღიობთა გირლანდით შემკული ფრონტონიანი თავსართებით, რუსტირებული პილასტრებით, ბალუსტრადიანი პარაპეტითა თუ რკინის აჟურული აივნებით. თუმცა შენობის მთავარ ღირსებას მისი სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურა წარმოადგენს. ლერმონტოვის ქუჩის მხარეს გამავალი გრძივი ფასადის მოცულობაში “შეყუჟული” ღია ტიპის შიდა ეზო სასიამოვნოდ აოცებს მნახველს. პატარა და მყუდრო ეზო ძველად ორივე სართულის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი ხის ჭვირული აივნებით იხსნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აივნები ნაწილობრივ შემინულია და შუშაბანდადაა ქცეული, ეზო დღესაც ახდენს შთაბეჭდილებას. თავისებურ მომხიბვლელობას მას მეორე სართლზე მიმავალი ხის სპირალური კიბეც სძენს. მოცემული შენობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს  არსებული განაშენიანების მხატვრულ-არქიტექტურულ სახეს.