დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დ.აღმაშენებლის გამზ.113-ში მდებარე მხატვრულ-არქიტექტურული მნიშვნელობით შენობა ერთ-ერთი გამორჩეულია დავით აღმაშენებლის გამზირზე, მას არსებითი წვლილი შეაქვს პროსპექტის არქიტექტურული სახის შექმნაში. სახლი 1904 წელსაა აშენებული, რასაც ფასადზე მოცემული წარწერა გვატყობინებს. სამსართულიანი შენობის ფასადი ბაროკოულ-როკოკოული ეკლექტიკის თვალსაჩინო ნიმუშია, იგი უხვადაა შემკული დეკორატიული ელემენტებითა და ორნამენტებით, მათ შორისაა სხვადასხვა ორდერის პილასტრები, ლომისთავიანი თუ ქალისთავიანი მასკარონები, ქვაში ნაკვეთი თუ ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნები, მცენარეული ორნამენტით შემკული ფრიზი, ფრონტონებიანი პარაპეტი. ფასადზე გვხვდება გრიფონების გამოსახულებებიცა და პატარა პუტის ფიგურებიც, რომელთაც გირლანდები უჭირავთ ხელში. მაგრამ საფასადო შემკულობის გამორჩეული შტრიხი, მაინც  პირველი სართულის ნახევარი ტანით გამოქანდაკებული ატლანტებია, რომელთაც მეორე სართულის აივნის კონსოლები “უჭირავთ” (სხვა მხრივ, სახლის ხსენებული ნაწილი სრულიად სახეცვლილი და დამახინჯებულია). 
ყურადღებას იმსახურებს სადარბაზოს ინტერიერი, რომელიც მდიდრულადაა დეკორირებული სკულპტურული ელემენტებით, თაღოვანი ნიშებითა და პილასტრებით. მარმარილოს ორმარშიან კიბეს ლითონის ჭედურად დამუშავებული მოაჯირები მიუყვება.