დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დ.აღმაშენებლის გამზ. #27-ში მდებარე შენობა ცნობილ თბილისელ მეწარმესა და ნავთობმაგნატს - ალექსანდრე მანთაშევს ეკუთვნოდა. დავით აღმაშენებლის გამზირისა და ზაქარია ქურდიანის ქუჩის კუთხეში მდგარი, საკმარისად დიდი მოცულობის ორსათულიანი ნაგებობა მნიშვნელოვანია მოცემული ქუჩების სივრცითი გეგმარებისა თუ, ზოგადად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით. იგი უდაოდ დიდ როლს თამაშობს უბნის განაშენიანებაში, მით უფრო „ტანდემში“ გვერდით მდგარ, იმავე სტილისტიკის მქონე შენობასთან (დავით აღმაშენებლის გამზ. #29), რომელთან ერთადაც, პრაქტიკულად, მთელი კვარტალი უჭირავს. 
შენობის საფასადო გადაწყვეტა მოდერნის ‘’Art Nouveau’’  არქიტექტურული სტილის რეპერტუარიდან ნასესხები მოტივებით ოპერირებს, თუმცა ფასადს, საერთო ჯამში, ზომიერება და თავშეკავებულობა ახასიათებს. ყურადღებას იმსახურებს სადარბაზოს ინტერიერიც, სადაც გვხვდება მოზაიკურად სხმული იატაკი და  არ ნუვოს მცენარეულორნამენტიანი  რკინის მოაჯირით დამშვენებული კიბე. 
საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაცია, პრაქტიკულად, ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს; ადგილობრივი ტრადიციისამებრ მას აქვს  ქუჩისათვის უხილავი, მოზრდილი და საკმაოდ ხალვათი შიდა ეზო, რომელიც ხის ჭვირულორნამენტული აივნებით გახსნილ ფასადს გვთავაზობს. ეს ის იშვიათი და იღბლიანი შემთხვევაა, როდესაც პირველი სართულის გადაკეთება-დამახინჯების მიუხედავად, თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული მეორე სართულის აივანი.