ამბობენ
რუსთაველის გამზირზე ერთი ავტორის ორი შენობა დგას: "ოფიცერთა სახლი" და ყოფილი "ზარია ვასტოკა", ახლანდელი "მერანი".
ორ სხვადასხვა ეპოქაში, წყობილებაში აგებული ეს ორი შენობა დავით ჩისლიევს ეკუთვნის.
რუსთაველის გამზირ N16-ში მდებარე ისტორიული შენობა 1916 წელს თბილისის „არტისტული წრისთვის აშენდა. 1918 წლიდან ნაგებობის სარდაფში გაიხსნა იმ პერიოდის თბილისში საკმაოდ პოპულარული, ბოჰემური ტიპის სტუდია - კაფე “არგონავტების ნავი”, რომელიც მხატვრებმა კირილ ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ - მელიქოვმა მოხატეს (ამჟამად განადგურებულია).სტუდია აკმეისტების (პოეტთა თბილისური გილდია) შეხვედრის ადგილს წარმოადგენდა. აქ იკრიბებოდნენ პოეტები, კომპოზიტორები, ჟურნალისტები, მხატვრები და სხვ. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აქ განთავსებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლი კინოს დარბაზით. ნაგებობას დღემდე ამ სახელით იცნობენ.
აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძის მოგონებიდან:
“ჩემთვის რუსთაველის პროსპექტი ზოგი საიდუმლოს შემცველიც არის. მაგალითად, მაინტერესებდა რატომ იყო ყოველთვის მეტი ხალხი მთაწმინდის მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე თეატრი, სამივე კინოთეატრი, მუზეუმი და გალერეა მეორე მხარეს მდებარეობდა. . . და სულ გაუგებარი რამ- რატომ იყრიდა უამრავი ჩიტი თავს მხოლოდ იმ ხეებზე, რომლებიც ოფიცერთა სახლის წინაა და იქ ჰქონდათ გამაყრუებელი ჟივილ-ხივილი."
ბოლო წლებში სხვადასხვა კულტურულმა დაწესებულებებმა დაიდეს ბინა - იყო გალერეა, მაღაზიები, არის საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” და სხვა.
რაც შეეხება "მერანს" (რუსთაველის 42), 1926-30 წლებში აიგო, უკვე საბჭოთა საქართველოს დაკვეთით. აქ განთავსებული იყო გაზეთ "ზარია ვასტოკას" რედაქცია, 90-იანი წლებიდან კი გამომცემლობა "მერანი" მოღვაწეობდა. ეს სახელი შენარჩუნებული აქვს დღესაც, ისევე როგორც ფასადი. თუმცა დღეს აქ სავაჭრო ცენტრია - სხვადასხვა ბრენდული მაღაზიებით.
შენობა კონსტრუქტივიზმის სტილშია აგებული, რომელიც 20-30-იან წლებში წარმოიშვა და გამოძახილი იყო აშშ-სა და ევროპაში არსებული სტილისა. კარგად ასახავს, რამდენად ინტეგრირებულებული იყო ქართული არქიტექტურა მსოფლიო არქიტექტურასთან, არსებული ტენდენციები რამდენად მარტივად შემოდიოდა თბილისშიც.
დეტალური ინფორმაცია
რუსთაველის გამზ. N16-ში მდებარე შენობა თბილისის არტისტული წრისთვის, - ,,კრუჟოკი“, 1916 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით აშენდა. 1918 წლიდან ნაგებობის სარდაფში გამართული იყო კაფე ,,არგონავტთა ნავი’’, რომელიც მხატვრებმა. კირილ ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აქ იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლი - კინოდარბაზით. შენობა ევროპული ნეოკლასიციზმის ნიმუშია, სადაც გამოყენებულია რენესანსისა და ბაროკოს სტილისათვის დამახასიათებელი ნიშნები; მნიშვნელოვანია როგორც საერთო საფასადო კომპოზიცია ასევე ინტერიერი. ცნობილია რომ ფასადის დეკორატიულ შემკულობაზე მოქანდაკეები ი. ნიკოლაძე და დ. გიგაური მუშაობდნენ. დღემდე, შენობის ინტერიერში ავთენტური სახით შემორჩენილია დეკორირებული ცენტრალური დარბაზი. სამწუხაროდ, შენობის სარდაფში არსებული სრულიად უნიკალური მოხატულობა რამდენიმე წლის წინ ვანდალურად განადგურდა.