დეტალური ინფორმაცია
აბანოების მშენებლობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია და სამშენებლო ტრადიცია აქვს. ჯერ კიდევ XIII საუკუნის თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. “უცეცხლოდ ადუღებული” წყლის ანუ გოგირდის თბილისურ აბანოებს არაერთი ცნობილი მოგზაური ახსენებს, მათ შორის X საუკუნის არაბი გეოგრაფი, იბნ ჰაუკალი, XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო და სხვ. XVIII-XIX საუკუნეში აბანო თბილისურ ყოფაში დიდ როლს თამაშობდა, მათ მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონდა და სოციალიზაციის და კომუნიკაციის საშუალება იყო. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII–XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი, (რაც საზოგადოდ XVII საუკუნის თბილისის არქიტექტურის მნიშვნელოვანი თვისებათაგანია) და თავმოყრილია ისტორიულ უბან სეიდაბადში, რომელსაც აბანოთა სიმრავლის გამო, აბანოთუბანი ეწოდა.
"ჭრელი აბანოც", რომელსაც ძველად მისი მესაკუთრის გამო “ორბელიანის აბანო” ერქვა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა და სახელწოდება სხვადასხვა ფერის ფილებისგან მიიღო, რომლებითაც მინარეთის მსგავსი კოშკებით დაგვირგვინებული მისი პორტალია მოპირკეთებული. შენობა ყურადღებას იქცევს ფერადი შორენკეცებით შემკული ორნამენტული ფასადით, იგი ძლიერ აქცენტს ქმნის აბანოს ქუჩის კომპოზიციაში. ფასადის დანაწევრება რიტმული და სიმეტრიულია. ნაგებობის ცენტრალური, ვერტიკალური მართკუთხედის ფორმის ფასადი დეკორატიული სვეტებითაა ფლანკირებული, რომლებიც მინარეთისებრი, პატარა გუმბათოვანი ფანჩატურებით სრულდება. ორნამენტულ მორთულობაში გვხვდება, როგორც გეომეტრიული, ასევე მცენარეული მოტივები. ფერთა გამაში ჭარბობს ლურჯის სხვადასხვა ტონალობები, რომელიც შეხამებულია მოვარდისფრო პასტელურ ტონთან, დეტალების დამუშავებაში გამოყენებულია ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერები, რაც მსუბუქ კონტრასტს ქმნის და აძლიერების ფერადოვნების შთაბეჭდილებას. თაღსა და სწორკუთხა ჩარჩოს შორის მოქცეული არე მცენარეული, ხვეულა მოტივითაა მორთული, სვეტები და ნიშები - რომბებით, თაღის შეღრმავება კი კალეიდოსკოპიური დეკორით. ხალიჩისებრი, ფერადოვანი დეკორი შენობის მკვეთრად გამოხატულ ფორმებს გარკვეულად არბილებს, კონტრასტს ასუსტებს. აბანოს დანარჩენი ფასადები სრულიად სადაა. ინტერიერიც აღმოსავლური აბანოსთვის სახასიათოა.