დეტალური ინფორმაცია
მაჩაბლის ქ. #15-ში მდებარე შენობა მაღალ ცოკოლზე დგას, რომელიც თითქოს პედესტალზე აყენებს მას. პირველი სართული რუსტიკით იფარება, რომელიც ჰარმონიულად გადადის, მეორე მხატვრულად მეტად დატვირთულ სართულზე. კედლის ზედაპირის პლასტიკა, საკმაოდ მაღალი ცოკოლის ზედა სართულზე ნელდება, თუმცა იმატებს ღიობთა დეკორატიული შემკულობა. ფასადები ღიობთა მონოტონური წყობით ისერება. მეორე სართულის ფასადზე სანდრიკებიან სარკმელთა რიგები მონოტონურად იჭრება. სანდრიკები ცენტრალურ ნაწილში მშვილდის ფორმის არის, ხოლო განაპირა მხარეებზე სწორკუთხა. დეკორატიულად არის შემკული თავად ღიობთა მოჩარჩოებაც, რომელიც მაღალი მხატვრული ტექნიკით დამუშავებული ორნამენტით იმკობა. ფასადის ძირითად მხატვრულ აქცენტს, ლითონის ჭვირული აივნები განაპირობებს, მათგან ცენტრალური საკმაოდ დიდია, ხოლო მის სიმეტრიულად განთავსებული ორი პატარა, მოგვიანებით ჩანაცვლებულს უნდა ჰგავდეს.
ფასადი მხატვრულად გააზრებული კომპოზიციაა - პირველი მარჯვენა და მარცხენა მხარეს მხატვრულ-არქიეტექტურული აქცენტებით. მათ შორის მარჯვენა მონაკვეთში სადარბაზოს შეწყვილებული ხისა და ლითონის ჭვირული სადარბაზოს კარით, ხოლო მარცხნივ ეზოში შესასვლელი გვირაბით, რომლის ჭიშკარიც ასევე ჭვირული ელემენტებით იმკობა. საფასადე კომპოზიცია სრულდება საკმაოდ მოცულობითი ლავგარდანით, რომელიც თითქოს კრავს და აერთიანებს მას.
შენობის ფასადის მხატვრული შთაბეჭდილება, იზრდება ეზოში შესვლისას, რომელიც განსაკუთრებული სიმყუდროვითა და მომხიბლაობით ხასიათდება. შენობა რუსული П-ს კონფიგურაციის არის, გახსნილი ხის ჭვირულ-მოხარატებული აივნებით აქცენტირებული.