1879 წელს აგებული შენობის ავტორი ლეოპოლდ ბილფელდი

ამბობენ

ამ სახლის არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი ჰანოვერში იყო დაბადებულიის თბილისში 1868 წელს დასახლებულა .მის სახელს უკავშირდება თბილისის რამდენიმე ისტორიული შენობა-ნაგებობა: ლუთერანული ეკლესია და სასტუმრო ვეტცელის” , ასევე ქაშვეთის ეკლესიის რესტავრაცია 1910 წელს .გარდა ამისა, ბილფელდი კერძო საცხოვრებელი სახლების დაპროექტებითაც იყო დაკავებული. მისი დამკვეთები თბილისის ყველაზე შეძლებული მოქალაქეები იყვნენ.

 

დეტალური ინფორმაცია

დავით. აღმაშენებლის გამზ. N114-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული, საკმაოდ დიდი მოცულობის შენობა  იმ დროისთვის ფართოდ გავრცელებული საშემოსავლო სახლის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. ეკლექტიკური სტილის კლასიცისტური ფასადი ბაროკოს არქიტექტურულ მოტივებსაც შეიცავს, თუმცა თვალში, პირველ რიგში, არაბაროკალურად მწყობრი და მოწესრიგებული საფასადო კომპოზიცია გვხვდება. საფასადო კედელს სიმეტრიულად ანაწევრებს რუსტირებული პილასტრებით მონიშნული რიზალიტები, ლითონის აჟურული აივნები და კარ-სარკმლის ღიობები, რომლის გარშემოც კონცენტრირდება ძირითადი პლასტიკური შემკულობა. ბაროკოს არქიტექტურულ მოტივად კი გვევლინება ბალუსტრადიანი პარაპეტი და ცენტრალური რიზალიტის დამაგვირგვინებელი  ლუნეტიანი მრუდხაზოვანი ფრონტონი. 2009-2011 წლებში, სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, სახლზე მანსარდული ტიპის დაშენება გაკეთდა
მოცემული შენობა თბილისური საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაციის ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს; ადგილობრივი ტრადიციისამებრ, სახლის ევროპული სტილის ფასადს ცვლის ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო, სადაც ძველად სამივე სართული მთელ პერიმეტრზე მოწყობილი ხის ჭვირული აივნებით იხსნებოდა. 1920-იანი წლებში, როდესაც გასაბჭოების შემდეგ მეპატრონეთათვის ჩამორთმეულ კერძო სახლებში რამდენიმე ოჯახი შეასახლეს, არასაკმარისი ფართის გამო, აივნები შეიმინა და შუშაბანდად გადაკეთდა.