დეტალური ინფორმაცია
დ. აღმაშენებლის გამზ. 65-ში მდებარე ერთსართულიან შენობას, რომელსაც მეორე სართული მოგვიანებით დაადგეს, ლათინური ასო L-ის ფორმის გეგმარება აქვს. სახლის ძირითადი მოცულობა ეზოს სიღრმეში ვითარდება, გამზირის მხარეს კი მოკლე ფასადით გამოდის. ამასთან, ფასადის ცენტრალური ნაწილი ქუჩის ხაზიდან ოდნავ სიღრმეშია შეწეული, ხოლო გვერდითი შვერილები მეზობლად მდგარი შებობების ხაზს უსწორდება, რაც ტეხილ და დინამიურ რიტმს წარმოშობს. თაღოვანი სარკმლებით დანაწევრებული შენობის ფასადის მხატვრულ გადაწყვეტაში კლასიციზმისთვის დამახასიათებელი მხატვრულ-არქიტექტურული ელემენტებიც გვხვდება, თუმც საფასადო გაფორმების ძირითადი მოტივი - დეკორატიული ლილვები - ‘’Art Nouveau’’ ესთეტიკას მისდევს. როგორც ჩანს, უფრო ადრეული ნაგებობის მთავარი ფასადი XX საუკუნის დასაწყისში გადაკეთდა და საიმდროოდ პოპულარული სტილიც მაშინვე შეირჩა დამკვეთისა თუ არქიტექტორის მიერ. ამასვე მიუთითებს სახლის შიდა ეზოს მხარეს ფრაგმენტულად შემორჩენილი ხის აივნის დორიული სვეტები, ე.წ. “დორიკა” და შეისრული სარკმლის ღიობები, რაც შენობის აგების თარიღს XIX საუკუნის შუა ხნით მოსაზღვრავს.