ამბობენ
1898 წელს, მაშინ ჯერ კიდევ გოლოვინის პროსპექტზე, საფუძველი ჩაეყარა თეატრის მშენებლობას, რომლის ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, „არტისტული საზოგადოების“ დამაარსებელი ,ტფილისელი სომეხი მეცენატი ისაი პიტოევი იყო.
თეატრის შენობა 1901 წელს საზეიმოდ აკურთხეს. დარბაზი გათვლილი იყო 810 მაყურებელზე. შიდა ინტერიერის გაფორმებაზე მუშაობდნენ სპეციალურად იტალიიდან მოწვეული ხელოსნები. ავეჯი, სარკეები, განათება, ხალიჩები და სხვა საჭირო ინვენტარი ჩამოტანილი იყო ევროპის ქვეყნებიდან. არსებული ცნობებით, თეატრის მშენებლობამ ისაი პიტოევს დაახლოებით ნახევარი მილიონი ოქროს რუბლი დაუჯდა.
საქართველოს გასაბჭოების პირველივე თვეებში, შენობაში განთავსდა ახალი დრამატული თეატრი, რომელსაც 1921 წლის 25 თებერვალს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.
1949 წლის 9 ივნისს, რუსთაველის თეატრი ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა — შენობიდან მხოლოდ გამზირზე მდებარე ფასადი გადარჩა. იმავე ხანძრის შედეგად განადგურდა თეატრის ქვედა ფოიეში მდებარე კაფე „ქიმერიონი“, რომელიც 1919 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. კაფე მხოლოდ ორი წელი ფუნქციონირებდა.
შენობის აღდგენა ძველი ფოტოების საფუძველზე ერთ წელიწადში მოხერხდა. მას შემდეგ თეატრის შენობას რამდენჯერმე ჩაუტარდა რესტავრაცია და რეკონსტრუქცია.
რუსთაველის თეატრთან დაკავშირებულია არაერთი მითი და გადმოცემა.ამბობენ, ხანძრის შემდეგ დამწვარი შენობიდან გარკვეული ხნის განმავლობაში ისმოდა სცენის ზარის ხმა და ნაბიჯების ექო — როგორც "დაუმთავრებელი სპექტაკლის" ხმოვანი გამოძახილი.
ცალკე აღსანიშნავია მსახიობ შაქრო დადიანთან დაკავშირებული ისტორია. გადმოცემით, თუ რომელიმე მსახიობი დაუდევრად შეასრულებდა მის როლს, დარბაზში განათება ქრებოდა და უცნაური ხმაური ისმოდა. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს დეკორაციის ნაწილის ჩამონგრევა სწორედ ამ მითს მიაწერეს.
დეტალური ინფორმაცია
დ.აღმაშენებლის გამზ.#44/ ანზორ ერქომაიშვილის ქ.#9-ში მდებარე ლათინური ასო U-ს ფორმის გეგმარების მქონე, საკმაოდ მოცულობითი ორსართულიანი შენობა აღმაშენებლის გამზირის მოცემული მონაკვეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტია. ნაგებობა ისტორიულ-ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც დიდ როლს თამაშობს ქუჩის საერთო იერსახის შექმნაში. დღევანდელი სახე შენობამ XIX საუკუნის ბოლოს მიიღო, თუმცა თავდაპირველი მოცულობა ამავე საუკუნის შუა წლებში უნდა იყოს აგებული, რადგან 1867 წლის თბილისის გეგმის თანახმად, ამ ადგილას “კაზაკების პოლკთა მეთაურის (ატამანის) ლაშქრობების სამმართველო” იდგა, ცოტა მოგვიანებით კი 1870-იან წლებში დაარსებული ოლღა თეოდორეს ასულის თბილისის ქალთა გიმნაზიაა, რომელიც 1891 წლიდან ქალთა მეორე გიმნაზია ხდება, 1913 წლის რუკაზე კი უკვე ქალთა მეხუთე გიმნაზიად მოიხსენიება. შენობამ ფუნქცია XX საუკუნეშიც რამდენჯერმე შეიცვალა. 2006 წლამდე აქ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახ. უნივერსიტეტი იყო განთავსებული, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგი კი შენობა ხსენებული უნივერსიტეტის II კორპუსს დაეთმო.
ძველი ქართული აგურით ნაგები, რუსტიკის დეკორატიული ლესვით დაფარული შენობის სწორკუთხა თუ თაღოვანი კარ-სარკმლების ღიობთა თანაბარზომიერი რიტმით დანაწევრებული ფასადები რენესანსულ-კლასიცისტური ეკლექტიზმის სტილშია შესრულებული და იტალიური პალაცოს იერს ატარებს. შემკულობის მიუხედავად, მაინც სადა და თავშეკავებული, სიმეტრიული ფასადები მონუმენტურის შთაბეჭდილებას ახდენს და ამით ხიბლავს მნახველს.