დეტალური ინფორმაცია
დ. აღმაშენებლის გამზ. #98-ში მდებარე შენობას საინტერესო ასიმეტრიული ფასადი ჰქონდა, მისი კიდურა მარცხენა სეგმენტი სამსართულიანი იყო და მცირე კოშკივით გამოიყურებოდა, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი კი ორსართულიანი; მანსარდის სართულის დაშენებამ საგრძნობლად შეცვალა სახლის სტრუქტურა. შენობის მორთულობა, რომელიც ნეოკლასიცისტურ-ბაროკოული რეპერტუარიდან ნასესხები დეკორატიული მოტივებითაა შექმნილი, ეკლექტურ ნიშნებს ატარებს. ფასადზე ძირითად აქცენტებს სვამს რუსტიკის დეკორატიული ნალესობა, თაღოვანი ღიობები მათი პლასტიკურად შემკული მოჩარჩოებით, პროფილირებული სანდრიკებიანი კარნიზი, პარაპეტის შვერილი და ლითონის აჟურული აივნები. ერთი შეხედვით ასიმეტრიული ფასადი მაინც მწყობრი და მოწესრიგებულია, რადგან ზუსტად ესადაგება გამზირის გაყოლებაზე არსებულ ნაგებობათა მხატვრულ-არქიტექტურულ იერს, რითაც ქუჩის ისტორიული განაშენიანების ორგანული და ჰარმონიული ნაწილი ხდება.