დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ. #38-ში მდებარე XIX საუკუნის მიწურულს აგებული ორსართულიანი შენობის აღმაშენებლის გამზირისკენ გამავალი სიგრძეში წაგრძელებული ფასადის შემკულობა ე.წ. ეროვნული სტილის ელემენტებს შეიცავს - ფასადების მხატვრულ-არქიტექტურული დამუშავება ადგილობრივ ეროვნულ ხუროთმოძღვრულ ტრადიციას მიმართავს და შუა საუკუნეების ქართული სატაძრო არქიტექტურის დეკორატიულ მოტივებს იყენებს. კერძოდ, ფასადის სკულპტურულ შემკულობაში გვხვდება ცალკეულ სარკმელთა გარშემო თავმოყრილი, ლილვებით მოხაზული დეკორატიული თაღები, ქვაზე კვეთილი ორნამენტების მოტივები და ე.წ. კოპები (გირჩები). აღსანიშნავია, რომ ქართული ხუროთმოძღვრების დეკორატიული მოტივების გამოყენების ცდები 1880-იან წლებში იჩენს თავს, რაც უცხოელ არქიტექტორთა მიერ ადგილობრივ სამშენებლო ტრადიციებთან და ესთეტიკასთან დაახლოვებით და ქვეყნის მხატვრულ-ისტორიულ კონტექსტში უკეთ ინტეგრაციის სურვილით უნდა აიხსნას.
ნაგებობის პირველი სართული სახეცვლილია მოგვიანო ხანის ჩარევებით (გახსნილია სხვადასხვა დანიშნულების მცირე სავაჭრო ობიექტები). სახლს ორი სადარბაზო აქვს, რომელში მოხვედრაც მთავარი ფასადის მხრიდან გაჭრილი ორი სწორკუთხა კარითაა შესაძლებელი. ეზოსპირა ფასადზე ხის მოხარატებული აივნის ჩვენამდე მოღწეული ნაწილი იქცევს ყურადღებას.