დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.#95, #95-ა-ში მდებარე არ ნუვოს არქიტექტურული სტილის ყაიდაზე გამართული, 1904 წლით დათარიღებული ორსართულიანი შენობა, გამზირის მხარეს გამავალი საკმაოდ უხვადდეკორირებული მთავარი ფასადით, სადღესასწაულო იერს ატარებს (თუ არ ჩავთვლით გვიანდელი ჩარევებით სახეცვლილ და გადაკეთებულ პირველ სართულს). საფასადო შემკულობა მეორე სართულის სწორკუთხა კარ-სარკმლების გარშემოა კონცენტრირებული. მოდერნის      ‘’Art Nouveau’’ სტილისათვის სახასიათო მცენარეული მოტივის პლასტიკური ნაძერწობა, კიდევ უფრო მკაფიოდ იკითხება სადად შელესილი კედლის სიბრტყეზე. ღიობთა საპირეებს ხვიარა მცენარესავით შემოხვეული ვეგეტაციური მოტივები ნაკლებ სტილიზებულია, მათში თითქოს გაირჩევა პროტოტიპად შერჩეული ყვავილი თუ მცენარე, იქნება ეს ვარდი, ლოტოსის მსგავსი ყვავილი თუ სხვ. ამის წყალობით პლასტიკური დეკორი უკეთ აღქმადი და, თუ შეიძლება, ასე ითქვას, უფრო ჟღერადია; ფასადის პლასტიკური შემკულობა თითქოს ერთიანად “ღვივის”. საფასადო კედელს ვერტიკალურად ანაწევრებს დეკორატიული, მხატვრულად დამუშავებული პილასტრები, რომელთა კაპიტელები სტილიზებული კაცის ნიღბისებური თავებით არის შემკული. ფასადზე ყურადღებას იპყრობს ასიმეტრიულად განლაგებული, მარცხნივ სამწახნაგა ერკერი და მარჯვნივ ლითონის ჭედური აჟურული აივანი. 
შენობა წარმოადგენს არ ნუვოს სტილის საინტერესო ნიმუშს თბილისის ურბანულ არქიტექტურაში. მისი დახვეწილი, სტილიზებული დეკორი არსებით როლს თამაშობს გამზირის 
ამ მონაკვეთის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში.