დეტალური ინფორმაცია
გრიბოედოვის ქ. #20-ში მდებარე შენობა ისტორიული არშაკუნების სასახლის კომპლექსის მომიჯნავედ მდებარეობს. XIX ს-ის ფოტოებზე დაკვირვებისას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ორსართულიანი ნაგებობა იკითხება, თუმცა XX ს-ის დასწყისში, ქალაქმა ფეხი აუწყო თანამედროვეობას და ჩვენთვის საინტერესო ტერიტორიაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობაც დაიგეგმა.
საკმაოდ უჩვეულო კონფიგურაციის სახლის არქიტექტურა მიხეილ კალაშნიკოვს დაევალა, როგორც გამოცდილ ოსტატს მრავალბინიანი, კომფორტული თანამედროვე საცხოვრისებისა.
პირველი, რაც ნაგებობის განსაკუთრებულობას ახასიათებს, არცთუ ისე დიდი მონაკვეთზე მრავალბინიანი სახლის განთავსების ოსტატობაა, რაც მისი კონფიგურაციისა და გეგმარებიდან არის განპირობებული. შენობა რუსული «Л« -ის მოყვანილობის არის, რის გამოც წინა, გრიბოედოვის ქუჩის მხარეს მცირე ზომის მყუდრო ეზო-სკვერი წარმოიქმნება. შენობა, მცირე ეზოში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქუჩის საერთო მხატვრულ-არქიტექტურულ წყობაში, გარდა ამისა, მიუხედავად მრავალსართულიანობისა, ის ორგანულად იყენებს რელიეფის არათანაბარ მდებარეობას და ჰარმონიულად ეწერება მასში. ახალ, ექვსსართულიან შენობას არ დაურღვევია ისტორიულად ჩამოყალიბებული ქუჩის საერთო მხატვრული თუ არქიტექტურული კონცეფცია, მეტიც ცალკეული სივრულ არქიტექტურული ხერხებით მასში ორგანულად ჩაწერა შეძლო.
შენობების ფლიგელები თანაბარია, რომელიც ღია აივნებით აქცენტირდება. მათი შერწყმის ადგილი მრუდხაზოვანი ფორმის არის (აივნებია განთავსებული), რისი წყალობით ფლიგელების კუთხეები უმტკივნეულოდ გადაედინება მასში. კომპოზიციას ასრულებს ფლიგელების ბოლოებში მომრგვალებული ფორმის შუშაბანდები, რომელსაც ერთგვარი სირბილე შემოაქვს საერთო არქიტექტურაში.