დეტალური ინფორმაცია
რუსთაველის გამზ. #14-ში განთავსებული შენობა ყოფილი გოლოვინის პროსპექტზე არსებულ და ჩვენამდე მოღწეულ ერთ-ერთ ადრეულ ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენს. სახლი აგებულია XIX საუკუნის შუა ხანებში, სავარაუდოდ, 1860-70-იან წლებში, მაგრამ იგი ჩვენამდე გადაკეთებული სახით მოვიდა, რითიც აიხსნება შენობის სხვადასხვა არქიტექტურული სტილისა თუ მხატვრული გემოვნებისადმი კუთვნილება. საარქივო ფოტოები ადასტურებს ფასადის რეკონსტრუქციის ფაქტს. XX საუკუნის დასაწყისში, როგორც ჩანს, შენობის კლასიცისტური ფასადი “გადამოსეს” - საიმდროოდ პოპულარული მოდერნის ‘’Art Nouveau’’
სტილის ყაიდაზე გამართეს და მოცემული არქიტექტურული სტილისათვის დამახასიათებელი ნაძერწი ელემენტებითა და დეკორატიული მოტივებით შეამკეს. მესამე სართულის თაღოვან სარკმლებს მთელს სიგრძეზე გასდევს მათი შემომწერი თაღედის ფორმის, თავისუფალი ნახატის მქონე, მცენარეული მოტივის დეკორატიული ნაძერწობა, რომელიც თითქოს კედლის ზედა ნაწილშია “შეკიდული”. შიდა ეზოს მხარეს კი შემორჩენილია ხის დორიულ სვეტებს დაყრდნობილი ძველი აივნის ფრაგმენტები.
სხვა მხრივ, შენობა ინარჩუნებს თავდაპირველ გეგმარებას და წარმოადგენს ლათინური ასო “U”-ს ფორმის მქონე, სამსართულიან ნაგებობას, რომელიც თავისი მდებარეობის გამო დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის განაშენიანებაში. ორი ქუჩის, რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის შესაყარზე მდგომი ნაგებობა ფართო კუთხით ეშლება გარემოს. საინტერესოა სახლის აბრისი, გამზირის მხარეს, კავშირგაბმულობის (რუსთაველის გამზ. #12) მასიურ შენობასთან მიბჯენილ კუთხეში, შენობა თითქოს “ტყდება”, ისე რომ სახლის პატარა სიბრტყე ცერად შედის სიღრმეში. ბესიკის ქუჩის მხარეს გამავალ ფასადთან ერთად, შორი მანძილიდან ნაგებობა ტრაპეციას წააგავს, თითქოს იგი ფართო შუბლით გამოდის პროსპექტზე, გვერდითი ფრთებით კი სიღრმეში მიდის. ეს თავისებური ეფექტი თავისთავად საინტერესო ქალაქგეგმარებით კონცეფციას გვიმჟღავნებს.
არ ნუვოს ფასადის მხატვრულ-სტილისტურ გადაწყვეტა და შენობის ერთიანი სტრუქტურული კონცეფცია ნაგებობის უდაო მხატვრულ ღირებულებას წარმოადგენს და თბილისის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ისტორიულ ნაგებობათა თვალსაჩინო რიგში აყენებს მას.