დეტალური ინფორმაცია
რუსთაველის გამზ.#8-ში სსრ უმაღლესი საბჭოს, ამჟამინდელი პარლამენტის შენობა, საბჭოთა არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაგებობაა, თავის მასშტაბითა და პომპეზური არქიტექტურით გამოირჩევა, რაც საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო დანიშნულების ნაგებობებისთვის არის დამახასიათებელი.
ძველათ, პარლამენტის შენობის ადგილას სამხედრო ტაძარი ე.წ. „სობორო“ იდგა, რომელიც მეფის რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის აღსანიშნავად აიგო 1865-1866 წლებში. გასაბჭოების შემდგომ ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას 1938 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო მთავრობის სახლის მშენებლობა, რომელიც 1965 წლამდე გაგრძელდა.
არქიტექტურული კომპლექსი შოთა რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს მოიცავს და ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავას მონაწილეობით). ის კურდონერის სახით გამოდიოდა რუსთაველის პროსპექტზე. შენობა სამი მხრიდან ერტყმოდა შიდა ეზოს, რომლის ცენტრიც საზეიმო კიბეს ეკავა. მთავრობის სახლი ერთ-ერთი პირველი ნაგებობა იყო საბჭოთა კავშირში, რომელშიც ინტენსიურად გამოიყენეს მსუბუქი რკინა-ბეტონი. მეორე, რუსთაველის გამზირის პირა კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა, ვ. ნასარიძის მონაწილეობით). ის ძველ კორპუსს გამზირის მხრიდან ამოეფარა და ამით მთავარი მნიშვნელობა შეიძინა. რუსთაველის გამზირის მხარეს გამავალ მთავარს ფასადს მონუმენტურობას ანიჭებს გიგანტური თაღები. ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ელემენტებია გამოყენებული. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს. 1988 წელს შენობის წინ თუჯისგან ჩამოსხმული ჯგუფური სკულპტურული კომპოზიცია „შრომა, მეცნიერება, ტექნიკა“ დაიდგა (მოქანდაკეები: ვ. თოფურიძე და შ. მიქატაძე), რომელიც 1989 წელს დაანგრიეს.
პარლამენტის შენობა და მის გარშემო არსებული სივრცე მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე მრავალწლიან დრამატულ ისტორიას. ასე შენობის საფუძველში ჩაყოლილი იქნა საქართველოს გასაბჭოებისას დაღუპულ იუნკერთა საფლავები. პარლამენტის შენობის წინ ვითარდებოდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, როდესაც აქ საბჭოთა არმიამ დაარბია მშვიდობიანი მიტინგი, რაც მსხვერპლით დამთავრდა. ამის აღსანიშნავად პარლამენტის წინ დგას 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი.