დეტალური ინფორმაცია
რუსთაველის გამზ. #11-ში მდებარე სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის განკუთვნილი ,,დიდების ტაძარი” თბილისში, 1888-1892 წლებში აიგო, ცნობილი, გერმანელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის პროექტის მიხედვით. შენობის პროტოტიპად გამოყენებულია იტალიელი არქიტექტორის, პიო პიაჩენტინის მიერ, რომში 1880-1883 წლებში, ნეობაროკოს სტილში აგებული, საგამოფენო სასახლე.
იმდროისთვის მუზეუმის დაარსების მიზანი იყო უკვდავეყოთ რუსეთის არმიის წარმატებები კავკასიაში ომების დროს.
1889 წლის დეკემბერში, უმაღლესი განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების სამმართველომ მიწის ეს ნაკვეთი რუსთაველის პროსპექტზე გადასცა სამხედრო საინინრო უწყებას ზემოაღნიშნული სამხედრო-ისტორიული მუზეუმის ასაგებად. სამხედრო-საინჟინრო უწყებამ პროექტის შედგენა შეუკვეთა იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილ არქიტექტორს ალბერტ ზალცმანს და გამოჰყო კომისია სამუშაოების ხელმძღვანელობისათვის.
პროექტის დამტკიცების შემდეგ მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 1890 წელს და დამთავრდა 1892 წელს, მაგრამ მასში ექსპონატების გამოფენის მოწყობა ძალზე გაჭინაურდა მცირე დაფინანსებისა და ფორმალურ-ბიუროკრატიული მიზეზების გამო. ქალაქის თვითმმართველობის მოთხოვნით, დიდი წვალების შემდეგ, 1907 წლის თებერვალში დამთავრდა მისი მოწყობა და გაიხსნა სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, რომელსაც ეწოდა “დიდების ტაძარი”. მუზეუმის საგამოფენო დარბაზის სიგრძე 58 მეტრია, სიგანე – 9,5 მ. ფართი 551 კვ.მ. ფანჯრების უქონლობის გამო დღის სინათლის მისაღებად დარბაზი გადახურულია მინით. სახურავის ასეთი კონსტრუქციით ეს შენობა ერთი პირველთაგანი იყო თბილისში.
მთავარი ფასადის ყრუ კედელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მიკრული ჰქონდა ლითონის ათი დაფა, რომლებზედაც აღნიშნული იყო კავკასიის ომში მნიშვნელოვან გამარჯვებათა თარიღები და ცნობები. ფასადის ნაპირებში ორივე მხარეს მოწყობილია თაროები. უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი განკუთვნილი იყო ქანდაკებების დასადგმელად.
მუზეუმს თავისებური გალავანი ჰქონდა – გადაჯვარედინებული ზარბაზნები და მათ შორის გაბმული ჯაჭვები. ძველი ცნობარის მიხედვით, ეს თურქული ზარბაზნები იყო – ალბათ, ნადავლი. გალავანი შემდგომ მოაშორეს, ისევე, როგორც ფასადზე ჩამწკრივებული წარწერებიანი დაფები.
მუზეუმის დარბაზში იყო ცნობილი მხატვრების: რუბოს, აივაზოვსკის და სხვ. ძვირფასი სურათები, რომლებზედაც ასახული იყო ისტორიული ამბები კავკასიის ომებიდან, სამხედრო პირები და სხვ.
დღეს შენობაში ეროვნული გალერეაა განთავსებული, რომელიც ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ექსპოზიციას ინახავს.