დეტალური ინფორმაცია
ივ. ჯავახიშვილის ქ.#7-ში მდებარე შენობას, პირველ რიგში, მემორიალური მნიშვნელობა აქვს. 1888-1901 წწ. აქ თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. აქ იყო განთავსებული თავად ილიას მიერ დაარსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამ შენობაში იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები,“ რომელზეც იკრიბებოდა ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება, იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, ბანკის შეხვედრები. ამჟამად შენობაში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია, სადაც დაცულია მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მისი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.