დეტალური ინფორმაცია
ივ. ჯავახიშვილის #17-ში მდებარე XIX საუკუნის მიწურულს აგებული შენობა ი. ჯავახიშვილის ქუჩის ელიტურ საცხოვრებელ სახლთა შორის, ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. გეგმარებით ლათინური ,,U”-ს ფორმის შენობა აღმოსავლეთით მცირე დაქანებულ რელიეფზე დგას და ორი ქუჩის კვეთაზე შპილიანი გუმბათით დაგვირგვინებული, იმპოზანტური კუთხის ერკერითა და ერთიანად რუსტირებული ფასადებით გამოდის. ეკლექტური, ფსევდო-ბაროკოული იერის მქონე შენობა უხვადაა დეკორირებული; აღსანიშნავია რელიეფური ფილებით გაფორმებული ფრიზული სარტყელი; დეკორატიული ფილების მდიდრული, ნაძერწი პლასტიკა გრიფონების გამოსახულებებით, მეორე სართულის სარკმლებს შორის ჩასმული ლომის მასკარონები და თაღოვანი ღიობები, რომლებიც ორივე სართულზე რუსტირებულ, ფართო საპირეებშია მოქცეული. შენობა სრულიად ორგანულადაა ჩაწერილი უბნის საერთო ურბანულ კონტექსტში; პროპორციული თუ მასშტაბური, მხატვრულ-სტილისტური თუ სივრცულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით იგი განუყოფელია ქუჩისაგან.