დეტალური ინფორმაცია
ივ.ჯავახიშვილის N 9-ში მდებარე XIX საუკუნის დასასრულს აგებული შენობა თავისი დროის ელიტურ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა, რომლის საფასადო დამუშავებაც ფსევდო-ბაროკული იერსახით, დახვეწილი პროპორციებითა და მდიდრული ფასადური სკულპტურით იქცევს ყურადღებას. შენობა მემორიალურია: აქ 1922-1929 წლებში სახალხო მხატვრისა და პროფესორის, მოსე თოიძის ,,სახალხო სამხატვრო სტუდია” იყო. აღმოსავლეთით მცირედ დაქანებულ რელიეფზე მდგომი ორსართულიანი შენობა გეგმარებით ხაზოვანია. ივ. ჯავახიშვილის ქუჩის მხარეს, შენობა მხოლოდ ერთი, სამხრეთის ცენტრალური ფასადით გამოდის. გვერდითა ფასადები, მეზობელ განაშენიანებას მიბჯენილი, შეულესავი აგურის წყობით ამოყვანილი ყრუ კედლებია. შენობა, პროპორციული თუ მასშტაბური, მხატვრულ-სტილისტური თუ სივრცულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით, სრულიად ორგანულადაა ჩაწერილი უბნის საერთო ურბანულ კონტექსტში.