ამბობენ
ამ სახლის მეპატრონეს — ალექსანდრე მელიქ-აზარიანცს, მსხვილ მეწარმეს, საზოგადო მოღვაწეს და მეოთხე თაობის თბილისელს — „შემოსავლიანი სახლის“ აშენება გადაუწყვეტია. ის ქალაქის მერთან, ხატისოვთან მისულა ადგილის სათხოვნელად. ხატისოვმა მეწარმეს ეს ტერიტორია გამოუყო, სადაც იმ დროს ნაგავსაყრელი და ბარაკების დასახლება ყოფილა.
აზარიანცი ამგვარ წინადადებაზე გაბრაზებულა, მაგრამ გამოწვევა მიუღია. ნაგავსაყრელის გაწმენდია შეუდგა და მეზობლად მცხოვრები ოჯახებისგან ბარაკები 300 ოქროდ შეუსყიდა. მის შეთავაზებას ყველა სიხარულით დათანხმდა, გარდა ერთი მეწაღისა, რომელიც არაფრის დიდებით არ თმობდა თავის ჯიხურს.
აზარიანცს 500 ოქროც კი შეუთავაზებია მისთვის, მაგრამ მაინც ვერ დაუყოლიებია. საბოლოოდ, მეწაღის სიჯიუტეს სახლის არქიტექტურული ჩანაფიქრი შეეწირა — მოედნის მხარეს დაგეგმილი მომრგვალებული ნაწილი სწორი კედლით შეიცვალა.
ერთ დღეს, იმავე ხატისოვს მშენებლობაზე წყლის მიწოდება შეუწყვეტია და მის აღდგენას მხოლოდ გაზრდილი ფასით შეუთავაზებია.ზარიანცი ამ პირობას არ დათანხმდა — დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა და წყლის ნაცვლად სწორედ ის გამოიყენა სამშენებლო საჭიროებისთვის.
„შემოსავლიანი სახლები“ გასაქირავებლად ბევრი მდიდარი ადამიანის მიერ შენდებოდა, თუმცა აზარიანცის პროექტი სრულიად განსხვავებული და ნოვატორული იყო იმ დროისთვის — მდგმურებისთვის შენობაში თავიდანვე მოწყობილი იყო მაღაზიები, ფოტოსალონი, აფთიაქი, მეფაიტონეთა სადგომი და დასასვენებელი ბაღი. და რაც მთავარია, სახლს ჰქონდა საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგების სისტემები. ამბობენ, რომ წყლის რეზერვუარები შენობის გუმბათში ყოფილა.
სახლი იმ დროისთვის ძალიან სწრაფად — სულ რაღაც სამ წელიწადში — დასრულდა. სწორედ ამ პერიოდში, აზარიანცს 22 წლის ქალიშვილი, თაქუი, მძიმე სენით გარდაეცვალა. დამწუხრებულმა მამამ არქიტექტორს შენობის თავდაპირველი დეკორი შეაცვლევინა და ფასადი სამგლოვიარო გვირგვინებითა და ცრემლის ფორმის ფანჯრებით შეამკობინა.
ქალაქური ლეგენდის მიხედვით, სახლს მიწისქვეშ საიდუმლო 3–4 სართული და გვირაბების დიდი ქსელი ჰქონია. ბოლშევიკების მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მელიქ-აზარიანცმა ოჯახი — მეუღლე და მშობლები — საფრანგეთში გაუხიზნავს, თავად კი თბილისში დროებით დარჩენილა, სახლის გასაყიდად. მაგრამ მყიდველს, ფრანგ ქალბატონს, არეულობის შეეშინებია და აღარ ჩამოსულა.
იმ დროს ბევრი მდიდარი ადამიანი ტოვებდა საქართველოს. მელიქ-აზარიანციც ემზადებოდა ევროპაში წასასვლელად. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, გამგზავრების წინ, ძვირფასეულობის ასაღებად, მიწისქვეშა გვირაბში — საიდუმლო სეიფის ოთახში — ჩასულა. ოთახის კარი შემთხვევით გარედან დაკეტილა და, რადგან სეიფის არსებობის შესახებ არავინ იცოდა, საშველადაც არავინ მოსულა…
ამბობენ, რომ სახლს სარდაფში დღესაც, ერთ კონკრეტულ ადგილას, მკაფიოდ ისმის კაკუნის ხმა — თითქოს ვიღაც შველას ითხოვსო.
მეორე ვერსიით, თბილისში დარჩენილ აზარიანცს ბოლშევიკებმა მთელი ქონება ჩამოართვეს და მისსავე აშენებულ სახლში, კიბის ქვეშ, მხოლოდ ერთი პატარა ოთახი გამოუყვეს, სადაც უკიდურეს სიღარიბეში გაატარა თავისი დარჩენილი სიცოცხლე. გარდაცვალების შემდეგ კი, ერთ დროს ყველაზე შეძლებული კაცი მეგობრების შემოწირული ფულით დაუკრძალავთ.
დეტალური ინფორმაცია
მელიქ აზარიანცის სახლი, ქალაქის ღირსშესანიშნაობად ითვლება და თბილისური მოდერნის ‘’Art Nouveau ‘’ ყველაზე მასშტაბური ნაგებობაა. აშენებულია, 1913-1915 წლებში, ნიკოლაი ობოლონსკის პროექტის მიხედვით.
საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, პირველი გილდიის ვაჭარი, წარმომავლობით სომეხი, ალექსანდრე მელიქ აზარიანცი, დაიბადა თბილისში, 1847 წელს. მელიქ-აზარიანცები დიდგვაროვნები იყვნენ, „მელიქი“ ერთგვარ ტიტულად მიიჩნეოდა. აზარიანცს მემკვიდრეობით დიდი ქონება ერგო. მან განათლება პეტერბურგში მიიღო. პროფესიით გეოლოგი, არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი იყო.
ეს იყო თბილისში ყველაზე დიდი საშემოსავლო სახლი, ერთგვარი კომპლექსი, რომელიც ექვს სადარბაზოში ნაწილდებოდა. შენობა აღჭურვილი იყო მუდმივი ელექტროენერგიით, წყალმომარაგებით, სამზარეულო და სააბაზანო ოთახებით, რაც ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენდა, საკუთარი სატელეფონო სადგურით, საბავშვო ბაღით, ფოტო-სალონით, სამხატვრო გალერეით, კინოთეატრით, შადრევნიანი, მცენარეებით გაშენებული ბაღითა და სხვა. გარდა ამისა, შენობა განსაკუთრებული არქიტექტურითა და მხატვრული სახით ხასიათდებოდა, შენობა შემკული იყო უნიკალური ბარელიეფებითა და დეკორატიული ნალესობით, სადარბაზოს მოხატულობით და ინტერიერის შემკულობით, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. შენობის მხატვრულ-არქიტექტურული სახე, მოდერნის “Art Nouveau” -ს სტილისთვის დამახასიათებელ ფაქტურულ კონტრასტს ეფუძნება. ნაგებობის მთავარი ფასადის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია აგებულია ასიმეტრიაზე, არათანაბარი ზომისა და ფორმის ელემენტების ურთიერთკავშირზე, განსხვავებული მოსაპირკეთებელი მასალის ფერთა და ფაქტურათა კონტრასტზე, და მიუხედავად სხვადასხვაგვარად და უხვად დეკორირებული კედლის ზედაპირისა, მთლიანობაში იქმნება ფასადის გაწონასწორებული, ჰარმონიული ერთიანი დიდებული სახე. შენობა ორგანულად ერგება რელიეფს და ერთნაირი გულისყურით არის გააზრებული არამხოლოდ მისი ძირითადი ფასადები, არამედ მცირე დეტალებიც კი.
ძალზედ ტრაგიკული აღმოჩნდა მეპატრონის ბედი, რომელსაც გასაბჭოების შემდეგ შენობა ჩამოართვეს, ოჯახი საფრანგეთში გაიხიზნა. თავად მელიქ აზარიანცი კი უკიდურეს სიღატაკეში, თავისი იდეით აგებული სახლის სადარბაზოს საგუშაგო ჯიხურში, კიბის ქვეშ გარდაიცვალა.