დეტალური ინფორმაცია
შენობის ისტორია 1802 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში რუსული ხელისუფლების დამყარებას თბილისში მთავარმართებლის დანიშვნა მოჰყვა. მისთვის 1802 წელს სახელდახელოდ ააგეს მცირე ზომის შენობა. თუმცა 1807 წელს დაანგრიეს და ახლით შეცვალეს. ეს გახლდათ რუსული კლასიციზმის ნიმუში, იმდროინდელი თბილისის ყველაზე გრანდიოზული ნაგებობა, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების ერთგვარი სიმბოლოც იყო.
ამის შემდგომ სასახლე რამდენჯერმე გადააკეთეს. 1818 წელს იგი დაანგრიეს და არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტით ახალი შენობა ააგეს. სწორედ მისი ფასადი ჩანს 1821 წლის თბილისის პანორამაზე _ ამ ცვლილებით თავდაპირველი საადმინისტრაციო სახლი მთავარმართებლის ნამდვილ სასახლე-რეზიდენციად იქცა.
1845-47 წლებში რუსეთიდან მოწვეულმა არქიტექტორმა სემიონოვმა საფუძვლიანად შეცვალა მთელი ამ სასახლის იერსახე და, ფაქტობრივად, კლასიციზმის სტილში ააშენა საინტერესო და უნიკალური შენობა. ამავე პერიოდში გაშენდა ხეივნებიანი და ფანჩატურიანი ბაღიც, შადრევნებიანი აუზით.
1865 წელს თბილისში მოღვაწე შვედმა ხუროთმოძღვარმა - ოტო იაკობ სიმონსონმა შენობის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია დაიწყო და 4 წელიწადში დაასრულა. 1869 წელს მეფისნაცვლის სასახლემ თავისი საბოლოო ფორმა მიიღო, ისეთი, როგორიც არის დღეს. სიმონსონმა საგრძნობლად გაზარდა ნ. სემიონოვის მიერ აშენებული სასახლე და მას ახლებური იერი შესძინა.
გასაბჭოების შემდეგ, 1921 წ-დან მეფისნაცვლის ყოფილი სასახლე საბჭოთა საქართველოს მთავრობას გადაეცა.
1918 წლის 26 მაისს, 16:50 საათზე, სწორედ აქ გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. მან სხდომის წევრებსა და კანდიდატებს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ გააცნო, რომელიც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.
დამოუკიდებელი ქვეყნის დროშა სწორედ კავკასიის მეფისნაცვლის სასახლის თავზე აღმართეს და საქართველო ოფიციალურად გამოაცხადეს დემოკრატიულ რესპუბლიკად. სასახლე ხშირად იყო მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ კულტურული ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მასპინძელი. 1918 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ-ეკონომიკურ ცენტრად აღიარებული ქალაქის ამ გამორჩეულ შენობაში იზეიმეს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ მოვლენების აღმნიშვნელი აბრა დღეს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მთავარი დარბაზის კედელს ამშვენებს. საქართველოს პირველი კონსტიტუციაც სასახლეში მიიღეს 1921 წლის 21 თებერვალს, ხოლო ერთი კვირის თავზესაქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდა. 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმია თბილისში შემოვიდა. ამ დროიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობა/ წართმეული ქვეყნის მთავარი შენობა მაინც არ კარგავდა ფუნქციას: სასახლეში ხან რევკომი მუშაობდა, ხან ამიერკავკასიის ფედერაციული მთავრობა.
1937 წელს სასახლე მოსწავლეთა აღზრდის ცენტრად გადაიქცა. მისი კეთილმოწყობისთვის 15 მილიონამდე მანეთი გამოყვეს. სარეკონსტრუქციო პროექტის დამუშავება კი თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურულ სახელოსნოს დაავალეს. პროექტს არქიტექტორი არჩილ ქურდიანი ხელმძღვანელობდა. სასახლის სამასამდე ოთახსა და დარბაზში მოაწყვეს სასწავლო კაბინეტები, ლაბორატორიები, სახელოსნოები, სპორტული და გასართობი დარბაზები. გახსნეს ლექტორიუმი, სამკითხველო დარბაზი, აღჭურვეს თეატრალური სცენა, თოჯინების თეატრი. ძველი სამეჯლისო დარბაზი ბავშვთა თეატრალური დარბაზით ჩაანაცვლეს, მეფისნაცვლის დიდი სასადილო ოთახი და მდიდრული სალონი კი ბავშვთა გასართობ და ე. წ. სარკეებიან და თეთრ დარბაზებად გადააკეთეს. 1941 წლის 2 მაისს შენობა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის სახელით გაიხსნა. მისი საკუთრება გახდა ბაღიც.
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეროვნულმა სასახლემ მუშაობა სკოლისგარეშე განათლების ცენტრის სახით გააგრძელა. 2015 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, რომელიც აგრძელებს 82 წლიან ისტორიას და იმავდროულად წარმოადგენს თანამედროვე კულტურულ, სამეცნიერო, სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე ორგანიზაციას, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად ზრდასრულებიც იღებენ განათლებას. დღესდღეობით ეროვნულ სასახლეში 3000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული.
სასახლე რუსთაველის გამზირის გასწვრივ, შემაღლებულ ადგილზე ქვის ცოკოლზე დგას. 9 აპრილის ქუჩისკენ გამავალი ფასადი დაღმართის გამო თანაბარი სიმაღლის არ არის. შენობის ცალკეული ბლოკები წინ არის წამოწეული, წარმოიქმნება რიზალიტები. შენობის საპირისპირო მხარეს, სასახლის ბაღია მოწყობილი, რომელშიც ტერასა გამოდის.
მთავარი ფასადი სიმეტრიულია. განაპირას მკვეთრად წინ წამოწეულ რიზალიტებში პირველ სართულზე კარებია მოწყობილი, მათ თავზე კი ფრანგული აივანია ჩამოსხმულბალიასინებიანი მოაჯირებით. რიზალიტებს პომპეზურობას აივნის ღიობის ორივე მხარეს მოქცეული მრგვალი კორინთულორდერიანი ნახევარსვეტები (პილასტრები) ანიჭებს, რომლებსაც რენესანსული თაღი ეყრდნობა. ანალოგიური კომპოზიცია მეორდება ჩიტაძის ქუჩისაკენ გამავალი ფასადის რიზალიტებში.
ნაგებობის ცენტრში სასახლეში შესასვლელია მოწყობილი. მის თავზე სარკმლების მთელი რიგია წარმოდგენილი. რიზალიტებს შორის ორივე სართულზე, თაღოვანი გალერეებია, რაც რიტმულობას ანიჭებს საფასადო კომპოზიციას, და თითქოს მეტ სიმყარეს სძენს. მთლიანობაში ფასადი სადა და მოწესრიგებულია. პირველი სართულის კედლის სიბრტყეები წახნაგოვანი რუსტებითაა გაფორმებული. 9 აპრილის (ყოფ. ჩიტაძის) ქუჩისაკენ გამავალი ფასადი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. უკანა ნაწილი, წინასთან შედარებით, გაცილებით სადადაა გაფორმებული, მორთულობა ძალზე მწირია _ მართკუთხა სარკმლებს შორის, თითო დორიული ნახევარსვეტია, რომელზეც თაღები გადადის. დაახლოებით ანალოგიური კომპოზიციითაა გადაწყვეტილი მეორე გვერდითა (ბაღის მხარე) ფასადიც.
უკანა, ზურგის და შიდა ეზოს ფასადები შედარებით სადა, ნაკლებად დეკორატიული გაფორმებითაა შესრულებული.
მდიდრული დეკორით და მხატვრობით არის შემკული სასახლის ინტერიერის დარბაზები და ცენტრალური ფოიე. მორთულობაში გამოყენებულია მრავალფეროვანი მასალა და ტექნიკა, ვხვდებით კედლის დეკორატიულ დამუშავებას, თაბაშირში შესრულებულ სტუკოს ორნამენტულ ნალესობას და იმიტირებული მარმარილოს ზედაპირებს.
ზოგადად ნაგებობას რენესანსული იერი აქვს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია თბილისის არქიტექტურაში.