დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

 დავით აღმაშენებლის გამზ. #117-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს საფუძვლად დაედო 1870-იანი წლების მიწურულიდან თბილისში დამკვიდრებული გერმანელი არქიტექტორის, პაულ შტერნის მიერ 1894 წელს შედგენილი პროექტი. აგურით ნაგები სახლი სამსართულიანია, მანსარდით - მას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს გეგმაში. შენობა გამზირის ისტორიულ განაშენიანებაში გამოირჩევა, როგორც საერთო მასშტაბითა და მოცულობით, ისე საფასადო შემკულობით, რომელიც ბაროკოული ეკლექტიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს თბილისის ურბანულ არქიტექტურაში. შენობის  რუსტიკით დამუშავებული ფასადი დანაწევრებულია სწორკუთხა კარ-სარკმლის ღიობებით, რომელთა გარშემოც კონცენტრირდება ძირითადი პლასტიკური შემკულობა: იონიურ კაპიტელიანი პილასტრები ჰერმესის ბიუსტური გამოსახულებით, ვერტიკალურად დაღარული იონური პილასტრები, დეკორატიული არქიტრავი სამკუთხა ფრონტონით და სხვადასხვა ზომის რკინის აჟურული აივნები. ფასადს აგვირგვინებს ორნამენტული ფრიზი, საკმაოდ მოზრდილი, პროფილირებული კარნიზი და მის თავზე ამოსული პარაპეტი, ნაშენი ტუმბოების, ბალუსტრადებისა და ლითონის ცხაურების მონაცვლეობით. პარაპეტის ოვალური მოხაზულობის ნაძერწი გირლანდებით შემკულ შვერილებში კარტუშია ჩასმული. ყურადღებას იმსახურებს სადარბაზოში შესასვლელის თავზე, II სართულის დონეზე არსებული მრგვალი სარკმელი, რომლის ქვეშაც ნაძერწი გირლანდაა სახლის მეპატრონის ლათინური ინიციალებით. 
თბილისური საცხოვრებელი სახლის ტრადიციისამებრ, მოცემული შენობის ევროპული სტილის ფასადს ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო ცვლის, რომლის გვიანდელი ჩარევებით სახეცვლილ ფასადზეც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი ხის აივნები ჭვირული მოაჯირებით და ხის სვეტები პროფილირებული თავსართებით. 
2010 წელს სახლის ძირითად ნაწილს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ფასადებს კი რესტავრაცია-რეაბილიტაცია. საფასადო მორთულობა აღდგა საარქივო მასალებზე დაყრდნობით.