შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. #52-ში მდებარე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა, რუსთაველის გამზირის მნიშვნელოვანი ნაგებობაა, რომელსაც ქალაქგეგმარებითი როლიც აკისრია. შენობა თავდაპირველად  აშენდა, როგორც „საქნახშირის” ადმინისტრაციული სახლი. მისი მშენებლობა 1949 წელს დაიწყო. თუმცა რამდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1946 წელს ჩატარდა კონკურსი „საქნახშირის” ადმინისტრაციული სახლის პროექტზე. კონურსი საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობა  თბილისის წამყვანმა არქიტექტორებმა მიიღეს. წარმოდგენილი იყო ათი პროექტი, თუმცა ჟიურის მიერ  უპირატესობა მიენიჭა არქიტექტორების მ. ჩხიკვაძისა და კ. ჩხეიძის პროექტს. შენობა კომპლექსურობას იძენს, მის ეზოში განთავსებული  საბაგიროს ქვედა სადგურის შენობასთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ასევე კ. ჩხეიძის პროექტით შესრულდა. ნაგებობა საბჭოთა არქიეტქტურის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც ქალაქგეგმარებით გააზრებასთან ერთად, შენობის სტილისტურ რეპერტუარში ცდილობს ეროვნული ელემენტების ჩართვას.