შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. #13-ში მდებარე შენობა,  თბილისის სასტუმროებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სასტუმრო ამჟამინდელი "თბილისი მერიოტი", ისტორიული სასტუმრო "მაჟესტიკია". 1910 წელს სასტუმროს პროექტი შეადგინა თბილისელმა არქიტექტორმა, ალექსანდრე ოზეროვმა, პირველი გილდიის ვაჭარ მიქაელ არამიანცის დაკვეთით. შენობა ნაწილობრივ აშენებული იყო, როდესაც დამკვეთმა მისი შეცვლა გადაწყვიტა და ახალი პროექტი არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა მოამზადა. სწორედ მიქელოვის პროექტით წარიმართა მშენებლობა, რომელიც 1915 წელს დასრულდა.  პირველი მსოფლიო ომის დროს, ნაგებობაში სამხედრო ჰოსპიტალი იყო განთავსებული. სასტუმროსთვის განკუთვნილი ავეჯი და ინვენტარი შვედეთიდან იყო შეკვეთილი. "მაჟესტიკი" ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სასტუმროს წარმოადგენდა, რომელიც ევროპულ ყაიდაზე იყო მოწყობილი, ცნობილია რომ დამკვეთმა, მშენებლობის დროს პირველი სართულის გეგმა შეცვალა და სამზარეულოს ნაცვლად, მასში კინოთეატრის განთავსება მოინდომა. გასაბჭოების შემდეგ, სასტუმრო დაიხურა და მასში "შრომის სასახლე " ფუნქციონირებდა. 1935 წელს, შენობას კვლავ დაუბრუნეს პირველადი დანიშნულება, რომლის რეკონსტრუქციისთვის კვლავ არქიტექტორი ტერ-მიქელოვი მოიწვიეს. 1939 წლიდან, მასში სასტუმრო "თბილისი" -ა. თბილისის  1990 - იანი წლების ომის დროს შენობა დაიწვა, მისი რეკონსტრუქცია მოგვიანებით განხორციელდა და მასში სასტუმრო "თბილისი მერიოტი" განთავსდა.