დეტალური ინფორმაცია
დ. აღმაშენებლის გამზ. ##119-ში და გ. ტოვსტონოგოვის ქუჩის კუთხეში მდგარი საკმაოდ მსხვილმასშტაბიანი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი და მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით. XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აგებული შენობის ევროპულ ყაიდაზე გამართული ფასადები რენესანსულ-ბაროკოული ეკლექტიზმის ნიშნებს ატარებს. საფასადო კედლის აგურის დეკორატიული წყობა გემოვნებითაა შეხამებული ნალესობაში გამოყვანილი მორთულობის პროფილებსა და დეტალებთან - პროფილირებულ საპირეებთან, ფრონტონიან სანდრიკებთან, მცენარეული ორნამენტით მორთული კონსოლებით დამშვენებულ კარნიზთან და ა.შ. შენობის მთავარ ფასადს, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირისკენ არის მიმართული, სიმეტრიული კომპოზიცია აქვს მკაფიოდ გამოხატული ცენტრით. სიმეტრიის ღერძი აქცენტირებულია ერთი ცენტრალური რიზალიტით, რომლის თავზე არსებული პარაპეტიც მრუდხაზოვანი მოხაზულობის სამერცხლულით სრულდება. მის უკან პირამიდისებური მოცულობის სახურავი იკითხება, მასში მოწყობილი მცირე მანსარდით. სახურავის დამაგვირგვინებელი რკინის აჟურული ცხაური და ბურულად გამოყენებული თუნუქის საფარი, ე.წ. "ქერცლი", ნაგებობას ჩრდილოური არქიტექტურის რომანტიკულ იერს მატებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ფასადთა მორთულობის ეკლექტიკურობის შთაბეჭდილებას.
ყურადღებას იმსახურებს შენობის სადარბაზოს ინტერიერი, სადაც შემონახულია სხვადასხვა ფერისა და ნახატის კერამიკული ფილებით მოპირკეთებული იატაკი, მარმარილოს კიბე და ლითონის ჭედური მოაჯირი რკინის კანდელაბრით.
გეგმით ლათინური ასო L-ის კონფიგურაციის მქონე შენობას ღია ტიპის შიდა ეზო აქვს, რომელშიც გ. ტოვსტონოგოვის ქუჩის მხრიდან რკინის ალაყაფის კარით შეიძლება მოხვედრა. ქუჩისკენ გახსნილი ეზოსპირა ფასადის ხის ჭვირულორნამენტული აივნები XX საუკუნის პირველ ნახევარშივე შუშაბანდად იქნა გადაკეთებული.
შენობა აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს და მისი ისტორიული განაშენიანების შემადგენელი და ორგანული ნაწილია. აქედან გამომდინარე, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის განუმეორებელი, ინდივიდუალური არქიტექტურული სახის შექმნაში.