გიორგი ათონელის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

გ.ათონელის ქ.#23-ში მდებარე ქუჩათა კვეთაზე მდგარი, მსხვილი მასშტაბის კუთხეჩამოთლილი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი კუთხითვე ეხსნება გარემოს და ორივე მხრიდან თანაბრად მოიხილვება. შესაბამისად, შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოცემულ განაშენიანებაში და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც დომინანტურ როლს ასრულებს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული შენობის ფასადი ევროპული არქიტექტურული ფორმებით არის შემკული და ბაროკოული ეკლექტიზმის ნიშნებს ატარებს.  შენობა ათონელის ქუჩისა და ეზოს მხრიდან ორ სხვადასხვა ნაგებობად იყოფა, თუმცა ხუროთმოძღვრული სამკაულის, საფასადო კომპოზიციისა და გეგმარების მიხედვით, ისინი ერთ შენობას წარმოადგენს. ვ. ორბელიანის შესახვევისკენ გამავალ ფასადთან შედარებით ათონელის ქუჩისაკენ მიმართული მთავარი ფასადი უფრო წარმოსადეგია, რითიც ხაზგასმულია მისი უპირატესობა. ამას ადასტურებს ცენტრალური რიზალიტით, ბალუსტრადიანი პარაპეტით, თავსართიანი კარ-სარკმლებით თუ აივნების განლაგებით აქცენტირებული სიმეტრიული საფასადო კომპოზიცია. პილასტრებით, ტოსკანური სვეტებითა და სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ელემენტით რიტმულად დანაწევრებული მწყობრი, მოწესრიგებული და მოხდენილი ფასადი სადღესასწაულო იერს ატარებს და იოლად იქცევს მნახველის ყურადღებას.
შენობას სამი მოხატული სადარბაზო ჰქონდა. 2022 წელს განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოხდა ერთ-ერთის ინტერიერში არსებული კედლის მხატვრობის რესტავრაცია.
თბილისური საცხოვრებელი სახლის ტრადიციისამებრ, მოცემული შენობის ევროპული სტილის ფასადს ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო ცვლის. საზიარო, მცირე ზომის ეზოს შენობა, პრაქტიკულად, ყველა მხრიდან შემოწერს, რის გამოც ის ეზო-ჭის იერის მატარებელია. ნაწილობრივ შეულესავ აგურის კედლებს უბრალო ხის აივნები ერთვის, ეზოსპირა ფასადის საერთო კომპოზიციის დომინანტი კი ცენტრში მოქცეული სადარბაზოს ფლიგელია, რომლის სადა, აგურის კედლები თითო-თითო სარკმლით არის დანაწევრებული. მთლიანობაში პატარა და შეკრული შიდა ეზო გამორჩეულად მყუდრო და კამერულია. აღსანიშნავია სადარბაზო, რომელშიც რკინის მოაჯირით შემოსაზღვრული ქვის კიბეა მოთავსებული, იატაკი კი შავ-თეთრი, მცირე ზომის ფილებით არის მოპირკეთებული.