გიორგი ათონელის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

თბილისში, ათონელის 31 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ისტორია საუკუნე - ნახევრის წინ იწყება, ეს ყოფილი სასტუმრო „ლონდონია“  HOTEL DE LONDRES, რომელიც 1875 წელს თბილისელი არქიტექტორის, ოტო სიმენსენის პროექტით არის აშენებული, სასტუმროს მშენებლობა კი ძმებმა ზუბალაშვილებმა დააფინანსეს. ზუბალაშვილებმა სასტუმრო სამართავად ჰანს და კატერინა რიხტერებს გადასცეს, კატერინა რიხტერმა დაწესებულებაში მაღალი ევროპული სტანდარტი დაამკვიდრა და როგორც  ცნობილია  სასტუმროს თავისუფალი ნომრები არასდროს ჰქონდა და იმ პერიოდში ჩამოსული მოგზაურების დიდი ნაწილი, სწორედ აქ ჩერდებოდა, ერთ-ერთი მათგანი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი იყო, რომელიც თბილისურ „ლონდონში“ მეუღლესთან ერთად 1899 წელს ცხოვრობდა. ნობელიანტი ავტორი წერდა: ,,ვესტიბიულში შვეიცარმა საუბარი გამიბა. მისგან თავი, რომ მეხსნა, რომელიღაც კარს ხელი ვკარი, სამკითხველოში აღმოვჩნდი. მაგიდაზე ბედეკერის ცნობარი იდო – ,,რუსეთი და კავკასია”, ვიპოვე ,,ტიფლისი” და კითხვას შევუდექი…” „სასტუმრო ლონდონის” ოქროს ხანა 1880-1890-იან წლებზე მოდის, მაშინ როდესაც  სასტუმროს უცხოელი მოგზაურები და ისეთი საპატიო სტუმრები სტუმრობდნენ, როგორიცაა დიდი რუსი კომპოზიტორი პიოტრ ჩაიკოვსკი, მარკიზი ჯორჯ კერზონი, ნორვეგიელი მწერალი და სხვები.. „ლონდონს“ სტუმრობდა ილია ჭავჭავაძეც, რომელიც სასტუმროში იქ მცხოვრებ ინგლისელ სლავისტთან, უილიამ რიჩარდ მორფილდთან შესახვედრად იაკობ მანსვეტაშვილთან ერთად მივიდა. „ლონდონი” (Hotel de Londres) 1875 წელს მადათოვის ქუჩის #21 სახლში (ახლანდელი ათონელის #31) გაიხსნა. „ლონდონის” შენობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი სადარბაზო და კიბის უჯრედი იყო. „ლონდონი” 1896 წელს ის 28 ნომრისგან შედგებოდა და დღე-ღამეში ერთი ოთახის ფასი ერთიდან ათ მანეთამდე მერყეობდა. 1914 წელს სასტუმროს უკვე კიდევ ორი ნომერი მიემატა.