გიორგი ათონელის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

გ.ათონელის ქ.#18-ში  მდებარე ძველი ქართული აგურით ნაგები, მსხვილმასშტაბიანი სამსართულიანი სახლი  XIX საუკუნის მიწურულით თარიღდება. გეგმით ლათინური ასო “U”-ს კონფიგურაციის მქონე შენობა ქუჩათა კვეთაზე დგას, ჩამოთლილ კუთხეს კი ერკერი მონიშნავს. ნაგებობა ყველა მხრიდან თანაბრად მოიხილვება, დომინანტის როლს თამაშობს და მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებით თვალსაზრისით, მით უფრო, რომ ბაროკოული ეკლექტიზმის უხვადდეკორირებული ფასადები მაშინვე იქცევს ყურადღებას. შენობა სრულიად ორგანულადაა ჩაწერილი უბნის საერთო ურბანულ კონტექსტში; პროპორციული თუ მასშტაბური, მხატვრულ-სტილისტური თუ სივრცულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით იგი განუყოფელია ქუჩისაგან.