დეტალური ინფორმაცია
ლ. გუდიაშვილის ქ. #9-ში მდებარე შენობა მოცემული მხატვრული ეპოქისათვის დამახასიათებელი ეკლექტიზმით - ფსევდო ბაროკოულ-როკოკოული სტილის საკმაოდ დეკორირებული ფასადითა და მოდერნის ‘’Art Nouveau’’ სტილის სუსტად თავჩენილი ელემენტებით, გარემოსთან შეფარდებული, ზუსტად მიკვლეული პროპორციითა და შიდა ეზოსკენ პირმიქცეული ხის გალერეა-აივნებით თბილისური საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. შენობა მნიშვნელოვანია უბნის საერთო ურბანულ კონტექსტში; იგი სრულიად ორგანულადაა ჩაწერილი გუდიაშვილის ქუჩის ისტორიულ განაშენიანებაში, პროპორციული თუ მასშტაბური, მხატვრულ-სტილისტური თუ სივრცულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით შენობა ქუჩისაგან განუყოფელ ნაწილს შეადგენს.
საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ერეკლე II-ს ეპოქის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის, ივანე მუხრანბატონის (1755-1801) შვილიშვილს, ბაგრატიონ-მუხრანელს (1812-1895). შენობა აგებულია 1899 წელს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მოღვაწე რუსი არქიტექტორის, კორნელი ტატიშჩევის პროექტით.
გეგმით ლათინური ასო „L“-ს ფორმის, აგურით ნაგები სამსართულიანი შენობა ბაროკოულ ეკლექტიზმს მიეკუთვნება, თუმცა საფასადო შემკულობის რეპერტუარში როკოკოსა და არ ნუვოს სტილისათვის დამახასიათებელი ელემენტებიც გვხდება. მეზობლად მდგარი სახლის კლასიცისტური ფასადის გვერდით მოცემული შენობა კიდევ უფრო რეპრეზენტაციული და სადღესასწაულო ჩანს. სწორკუთხა სარკმლებით თანაბრად დანაწევრებული საფასადო კომპოზიცია სიმეტრიულია, რასაც თანაბარზომიერი რიტმით ჩამწკრივებულ სამ ცენტრალურ სარკმელს შორის ჩასმული რელიეფური შემკულობაც ემორჩილება. თითოეულ სართულს თავისი მოტივი აქვს, მათ შორის, ფასადის საერთო კომპოზიციური ლოგიკის კვალად, მეორე სართულის შემკულობა - პროფილირებულ რომბულ მოჩარჩოებაში ჩასმული ლომის თავის ჰორელიეფური გამოსახულებებით გამოირჩევა. სახის ნაკლები სტილიზაციისა და პლასტიკური ძერწვის წყალობით, იგი მაშინვე იპყრობს გამვლელის ყურადღებას. შენობის ერთ-ერთ მთავარ, მხატვრულად აქტიურ სამკობს წარმოადგენს არ ნუვოს სტილის ერთგვარი რეპლიკა - ფასადის მთელს სიგრძეზე გარკვეული ინტერვალებით განლაგებული სანდრიკები მამაკაცის თავის რელიეფური გამოსახულებით. სადარბაზოს ინტერიერი ყურადღებას იმსახურებს მინის ჭერით, ერთიანად სხმული მოზაიკური იატაკით, კიბითა და ლითონის ჩუქურთმებიანი მოაჯირით, რომელსაც კიბის თავში შემორჩენილი აქვს ლითონის პროფილირებულ-ორნამენტული შუქფარანი (კანდელაბრი).