პავლე ინგოროყვას ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

ინგოროყვას ქ.# 8-ში მდებარე  შენობა საარქივო მასალების მიხედვით, აშენდა XIX საუკუნის შუა ხანებში, არქიტექტორ კრისტოფერ ბოგდანოვიჩ ტერ-სარკისოვ-სატუნცის მიერ. არქიტექტორი დაიბადა 1875 წლის 20 სექტემბერს ქალაქ შუშში, შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ტფილისში გადავიდა. უმაღლესი საინჟინრო და არქიტექტურული განათლება მან რუსეთში მიიღო. მოგვიანებით კვლავ თბილისში დაბრუნდა. სატუნცის პირველი პროექტი ძალზედ საპასუხისმგებლო იყო - ის  ქართველ თავადაზნაურთა თეატრის შენობას წარმოადგენდა.  მსხვილმასშტაბიანი აგურის შელესილი შენობა გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა და, როგორც გეგმით, ასევე ფასადის კომპოზიციით, სიმეტრიულია. სამსართულიანი ნაგებობის მთავარი ფასადი, რომელიც პ. ინგოროყვას ქუჩაზე გამოდის, სარკმლების მწკრივისა და მათში ჩართული აივნებისგან შედგება. ფასადის კიდეები რიზალიტებს წარმოადგენს, დამატებით ორი რიზალიტია ჩასმული ფასადის შუა ღერძიდან თანაბარი დაშორებით. რიზალიტებს შორის კი სწორკუთხა სარკმლების რიგია. პირველ სართულზე კიდეებში ფართო ღიობებია გაჭრილი, მარცხნივ თაღითა და შუაში საჭექი ქვით შემკული ჭიშკარია გაჭრილი, ხოლო მარჯვნივ შედარებით დაბალი სწორკუთხა შესასვლელია მოწყობილი. ოთხივე რიზალიტი მეორე და მესამე სართულებზე იდენტურად არის გაფორმებული, იმ განსხვავებით, რომ შუა რიზალიტებზე აივნებია, განაპირაზე კი სწორკუთხა სარკმლები. ყველა რიზალიტის კიდეებში კანელურებიან პილასტრზე დაყრდნობილი კომპოზიტური კაპიტელებია ჩასმული. რაც შეეხება სარკმლებს, პირველ სართულზე ისინი სადა სწორკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული, მეორე სართულზე კი მათ თავზე მცენარეული ორნამენტით ამოვსებული რუსტი ემატება, ხოლო მესამე სართულის ღიობებს ქვეშ მასიური გირლიანდებია ჩასმული. სართულშუა სარტყლები განსხვავებული წრიული ორნამენტებითაა შემკული. რაც შეეხება ფასადის ზედა ნაწილს, აქ მთელ სიგრძეზე ანტაბლემენტია მოწყობილი, რომელშიც რიზალიტების თავზე პარაპეტებია ამოშვერილი. აივნიანი რიზალიტების პარაპეტები მცენარეული ორნამენტებითა და ორი ბავშვის გამოსახულებითაა დეკორირებული. ფასადს ზედა ნაწილს მთლიანად გასდევს ყვავილოვანი ჩუქურთმა, რის ზემოთ იონიკური ორნამენტი და კრონშტაინების მწკრივი მოდის. ხუროთმოძღვრული საფასადე კომპოზიციაში ელემენტების განაწილებით მიღწეულია წონასწორობა. აღნიშნული მასშტაბური შენობა მიმდებარე განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.