დეტალური ინფორმაცია
სულხან-საბას ქ. #9-ში მდებარე შენობა, ქანობი რელიეფის თავისებურების გათვალისწინებით დაგეგმარდა - “Г”-ებრი გეგმის შენობა ქუჩის მხარეს ორი სართულით გამოდის, ეზოს ფასადი კი, რომელიც ქუჩისგან განსხვავებით გაცილებით დაბალ ნიშნულზეა, სამსართულიანია, განაშენიანების სიღრმეში განვითარებული ფლიგელი კი ოთხსართულიანი. ქუჩის ფასადის სწორკუთხა ღიობებით დანაწევრებული არქიტექტურული კომპოზიცია პროფილირებული შვერილი კარნიზის და პარაპეტის მკაფიო ჰორიზონტალური ზოლით სრულდება. კედლის სიბრტყის ჰორიზონტალური დაყოფა სართულშუა პროფილირებული სარტყელებითაც არის ხაზგასმული. საფასადო კომპოზიციის მაორგანიზებელია კონსოლებზე შეკიდული ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნები მეორე სართულზე, რომლებიც ფასადზე სიმეტრიულად თავსდება.
სახლის პირველ სართულზე ღიობებს შორის სიბრტყე ფსევდორუსტებით არის დამუშავებული, ღიობთა საპირეები გირლიანდებიანი, დეკორატიული საჭექი ქვებით არის შემკული.
მეორე სართულის სიბრტყე უფრო დატვირთულია არქიტექტურული დეკორით - ღიობების საპირეებს აქ სანდრიკები ემატება, რომლებიც მცენარეული მოტივებით შემკულ კრონშტეინებს ეფუძნება. ღიობებს შორის ფასადს მეორე სართულზე აუყვება სადა პილასტრები, რომელთაც კომპოზიტური კაპიტელები აგვირგვინებს.
შენობის ჩრდილოეთის მხრის ტორსოს ფასადი მას შემდეგ გაშიშვლდა, რაც ამ მხარეს არსებული განაშენიანება აიღეს – ღია სივრცისკენ გახსნილ ყრუ კედელს 1970-იან წლებში ლითონის აივანი გაუკეთეს, რომელიც 2008 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციის დროს შეკიდული ხის ჭვირულმოაჯირიანი აივნით შეცვალეს.
ქუჩის ფასადს ეზოს მხრიდან თბილისური საცხოვრებელი სახლებისათვის დამახასიათებელი ხის ჭვირულმოაჯირიანი აივანები ენაცვლებოდა - ეზოს ფასადი ამჟამად ძალიან სახეცვლილი და დაზიანებულია გვიანდროინდელი გადაკეთებების და აივნების შემინვის შედეგად .
ეზოს ფლიგელის განაპირა ნაწილში ვიწრო სადარბაზოა მოწყობილი, რომელიც ფასადზე ცალკე ვერტიკალურ მოცულობად იკვეთება და აგურით არის ნაშენი – კიბის უჯრედს ქვის კიბე აუყვება. სადარბაზოს სტრუქტურა ევროპული შენობათა სტრუქტურას ჩამოჰგავს, საიდანაც რამდენიმე სათავსში ვხვდებით, მათ შორის მარჯვენა ნაწილში ვარსკვლავისმაგვარი ფორმის კამაროვან სათავსშიც.
ეზოს სიღრმეში სამსართულიანი სწორკუთხა გეგმის მოცულობა დგას, რომელიც ძველი აგურის ხარისხიანი აგურის წყობით იქცევს ყურადღებას. ამგვარი წყობის, საპირეების გარეშე პირდაპირ კედლის სიბრტყეში გაჭრილი ღიობების სათაურების ანალოგიას 1870-80-იანი წლების სახლების ფლიგელთა არქიტექტურაში ვხვდებით. ამავე წლებში უნდა იყოს აგებული ძირითადი შენობაც, რომელსაც რამდენჯერმე ჩაუტარდა საფუძვლიანი რეკონსტრუქცია.