დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.# 133 და კარგარეთელის ქ.#11 გადაკვეთაზე მდგარი მოდერნის      ‘’Art Nouveau’’ სტილის ორსართულიანი შენობა 1908 წელს არის აგებული. ლათინური ასო U-ს ფორმის გეგმის მქონე ნაგებობას საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს, ყველა მხრიდან თანაბრად მოიხილვება და დომინანტის როლს თამაშობს. სახლი უთუოდ მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებით თვალსაზრისითაც, მით უფრო, რომ სტილ მოდერნის ‘’Art  Nouveau’’ უხვადდეკორირებული ფასადები მაშინვე იქცევს ყურადღებას. შენობა წარმოადგენს არ ნუვოს სტილის საინტერესო ნიმუშს თბილისის ურბანულ არქიტექტურაში. მისი დახვეწილი, მოდერნის ‘’Art  Nouveau’’ სტილისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტებითა და ნაირ-ნაირი სტილიზებული მცენარეული მოტივებით დატვირთული პლასტიკური დეკორი არსებით როლს თამაშობს გამზირის ამ მონაკვეთის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში. 
2010-იან წლებში შენობას დააშენეს თანამედროვე არქიტექტურის ენაზე მეტყველი ორი სართული, რამაც, სამწუხაროდ, დაამცრო და დაჯაბნა ისტორიული ნაგებობა, საგრძნობლად შეუცვალა მას პროპორცია და დაუკარგა გამომსახველობა.