დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დ. აღმაშენებლის გამზ.  #170-ში მდებარე XX საუკუნის დასაწყისის შენობა 1990 წელს ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა. ამის შემდეგ ნაგებობა რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გაამაგრეს და შენობაში თბილისის 27-ე საჯარო სკოლა განთავსდა. 
გეგმარებით ხაზოვანი შენობის აღმაშენებლის გამზირზე გამომავალი მთავარი ფასადი ორ განაპირა რიზალიტური შვერილით დგას წითელ ხაზზე, ხოლო სიმეტრიის ღერძზე მოთავსებული ერკერით გაფორმებული მოცულობა სიღრმეშია შეწეული. დიდი ღიობებით, ცრუ თაღებში მოქცეული ლოჯიებით, ტერასული გადახურვის მქონე პორტიკით და ძუნწი დეკორით დამშვენებული შენობა ეკლექტიკურ იერს ატარებს, თუმცა მასში იოლად ამოიცნობა მოდერნის      ‘’Art Nouveau’’ სტილის ნიშნები, მასთან ერთად კი არტ-დეკოს ზეგავლენაც. საფასადო მორთულობა საკმაოდ სადაა; მის ჩამონათვალში შედის ვარდულებითა და ყვავილოვანი გირლანდებით შემკული მედალიონები და ქონგურები. საინტერესოდ არის გადაწყვეტილი სადარბაზოს უჯრედი, რომელსაც პორტიკის სახე აქვს მიცემული. სადარბაზო-ვესტიბიული მოზაიკური იატაკითა და რკინის მოაჯირიანი მარმარილოს კიბეებით არის გაფორმებული.