დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.#29, რომის ქ.# 5-ში მდებარე ლათინური ასო “U”-ს ფორმის გეგმარების მქონე, აგურით ნაშენი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის გადაკვეთაზე დგას, ორივე მხრიდან თანაბრად მოიხილვება და დომინანტის როლს თამაშობს არსებულ განაშენიანებაში. შენობა XX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, რაზეც  მოდერნის ‘’Art Nouveau’’  სტილის საფასადო შემკულობაც მიუთითებს. სახლის კედლები რიტმულად ნაწევრდება საპირემოვლებული კარ-სარკმლის ღიობებით; მთელ სიგრძეზე შემოუყვება ორნამენტული ფრიზი და პროფილირებული კარნიზი. საფასადო გადაწყვეტის განსაკუთრებით გემოვნებიან ელემენტს წარმოადგენს მუქი შეფერილობის ფაქტურული ნალესობა, რომლითაც შენობის კუთხეა მონიშნული, მთავარ არქიტექტურულ მახვილს კი სვამს რომის ქუჩის მხარეს გამავალი ფასადის ცენტრში მოქცეული ერკერი, რომელიც ნაგებობის მონოლითურ კუბურ მოცულობას გარკვეულ დინამიკურობას მატებს. ერკერზევეა განთავსებული ჰერალდიკური ხასიათის სამშვენისი - მცენარეული ორნამენტებით მოვარაყებული ქვის ფილა, რომელზეც, სავარაუდოდ, ძველად სახლის მესაკუთრის ინიციალები იქნებოდა გამოსახული. საკმაოდ ძუნწად შემკული, თავშეკავებული ფასადები სისადავის მიუხედავად, მონუმენტურობისა და ერთგვარი დიდებულების შთაბეჭდილებას უტოვებს მნახველს. შენობა მაღალი არქტიტექტურულ-მხატვრული ღირებულებისაა და მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისთვის.