ჩაჩავას კლინიკა

დეტალური ინფორმაცია

მ.კოსტავას ქ.#38 - ში მდებარე 1912 წელს აგებული შენობის ავტორია XX საუკუნის დასაწყისში თბილისში მოღვაწე ცნობილი პოლონელი არქიტექტორი, ალექსანდრე როგოისკი. შენობა იმთავითვე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებისთვის დაპროექტდა. 1873 წელს ტფილისში დაარსდა სამშობიარო სახლი, რომლის ბაზაზეც დიდი მთავრის, ნიკოლოზ II-ისა და ალექსანდრა ფეოდოროვნას პირველი ქალიშვილის - ოლღა რომანოვას ხელშეწყობით, 1875 წელს შეიქმნა ამიერკავკასიაში პირველი მეანობის ინსტიტუტი. 1912 წლიდან მას დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაერქვა.
მსხვილმასშტაბიანი, ოთხსართულიანი შენობა საიმდროოდ მოდურსა და პოპულარულ მოდერნის   ‘’Art Nouveau’’  ესთეტიკას მისდევს, თუმცა სწორკუთხა კარ-სარკმლების ხშირი და თანაბარზომიერი რიტმით დანაწევრებულ, მოწესრიგებულ ფასადს მოცემული სტილისთვის უჩვეულოდ “დამცხრალი” პლასტიკა გამოარჩევს. საფასადო კედელი თითქოს ერთიან, “ლაპიდარულ სიბრტყედ” აღიქმება. გარკვეულ დინამიკას მას ცენტრალური რიზალიტის სამწახნაგა ერკერები და მისი დამაგვირგვინებელი მრუდხაზოვანი პარაპეტი ანიჭებს.