დეტალური ინფორმაცია
ჭონქაძის ქ. #4-ში მდებარე მოდერნის ‘’Art Nouveau’’ არქიტექტურულ სტილში გადაწყვეტილი სახლი აგებულია 1903-1904 წლებში, არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის მიერ ანა მადათოვას მიწის ნაკვეთზე. ანა მადათოვამ გასაბჭოების შემდეგ საქართველო დატოვა და 1926 წელს პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია პერლ-ლაშეს სასაფლაოზე. შენობა ჭონქაძის ქუჩიდან არ აღიქმება. ამიტომაც, თბილისში მას ,,დამალულ სახლსაც“ ეძახიან. ღრმა გვირაბში მოწყობილი პარადული კიბით ვხვდებით შენობის სადარბაზოში, სადაც გვირაბისგან განსხვავებით დღესაც შემორჩენილია კედლის მხატვრობა. სადარბაზოს ტერასიდან შესაძლებელია ეზოში მოხვედრა რომელსაც გერგეთის ქუჩისკენ გავყავართ. რიგი ჩარევების მიუხედავად ნაგებობა ავთენტურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე გუმბათისებრი ფანჩატურის ტიპის მოცულობა(არსებობს ლეგენდა, თითქოსდა არქიტექტორ ოჰანჯანოვს საგანგებოდ ააგებინეს ფანჩატურის მაგვარი ნაგებობა, რომლიდანაც იშლებოდა ხედი კუკიის სასაფლაოზე, სადაც დაკრძალული იყო მადათოვების ოჯახის წევრი ) გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს. მძიმე ხასიათის კონსტრუქციული პრობლემები საფრთხეს უქმნის, როგორც მაცხოვრებელთა სიცოცხლეს, ასევე შენობის მდგრადობასაც.