დეტალური ინფორმაცია
ჭონქაძის ქ. #11/13-ში მდებარე შენობა გამორჩეულია თავისი ისტორიული, მხატვრულ- კულტურული ღირებულებებით. ნაგებობა წარმოადგენს XIX საუკუნის მიწურულის ერთ-ერთ უნიკალურ და საინტერესო, აღმოსავლური სტილის შენობას, სადაც დღემდე, ავთენტური სახითაა შემორჩენილი სპარსულ დეკორატიული ელემენტებით შემკულობა. შენობა მრავალი ღირებულების მატარებელია, როგორც მხატვრული, ისე ისტორიული კუთხით. მისი აგება, ფუნქციური დატვირთვა და გადაკეთების ეტაპები ძალიან მრავალფეროვანი და შინაარსობრივად დატვირთულია. ის ფაქტი, რომ შენობა XIX საუკუნის მიწურულს იყო ირანელი ელჩის მირზა რეზა ხანის საკუთრებაში და აქ განთავსებული იყო სპარსეთის საკონსულო, დიდად აისახა შენობის არქიტექტურასა და მორთულობის სტილზე. ნაგებობის ცალკეული ელემენტები დატვირთულია აღმოსავლური სიმბოლიკითა და შინაარსით.