დეტალური ინფორმაცია
ასათიანის ქ.#30-ში მდებარე შენობა თბილისში სიმენსების სახლის სახელითაა ცნობილი. თუმცა საარქივო მასალების მიხედვით შენობის პროექტი 1834 წლის 31 აგვისტოს არის დამტკიცებული და პროექტის ავტორია ინჟინერ-პოდპოლკოვნიკი ბელოკოპიტოვი. საარქივო საბუთის მიხედვით რომელიც 1833 წლითაა დათარიღებული თბილისელმა მოქალაქეებმა ივანე და ნიკოლოზ შადინოვებმა 1832 წელს თეკლე ბატონიშვილისგან შეიძინეს მიწის ნაკვეთი (სადაც სავარაუდოდ ბაღი იყო გაშენებული) სახლის ასაშენებლად. სწორედ შადინოვების გვარებია დატანილი 1834 წლის პროექტზეც. არსებობს 1896 წლის 10 მაისს დამტკიცებული შენობის რეკონსტრუქციის პროექტიც, რომლის დამკვეთი ალ. შადინოვია ხოლო არქიტექტორი ა.დ. პოვიტც-ეპინგი. სწორედ ამ რეკონსტრუქციის შედეგია შენობის დღევანდელი სახე. 1860-1868 წლებში ამ სახლში ცხოვრობდა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის კონსული, ფირმა "სიმენს და ჰალსკეს" წარმომადგენელი საქართველოში ვალტერ სიმენსი.1860 წელს სიმენსებმა, საქართველოში თბილისი-ქუთაისი-ფოთის ტელეგრაფის ხაზი გაიყვანეს. მომდევნო წლებში გაიყვანეს თბილისი-მოსკოვი, თბილისი-ერევანი და თბილისი-ბაქოს ტელეგრაფის ხაზები.