დეტალური ინფორმაცია
ასათიანის ქ. N 38-ში მდებარე სახლის პროექტი თბილისის გამგეობის მიერ 1913 წლის 5 აპრილს დამტკიცდა და 1914 წელს აშენდა. 1915 წელს შენობა წარადგინეს ქალაქის სათათბიროს მიერ გამოცხადებულ "შენობათა ფასადების კონკურსზე", რომელიც მიზნად ისახავდა 1914 წელს აშენებული შენობების საუკეთესო ფასადების შერჩევას. სახლის პროექტის ავტორია თბილისელი არქიტექტორი გ. ალაჯანი, ხოლო სახლის მეპატრონე თბილისში ცნობილი ექიმი გიორგი მაგაკიანი. შენობა მოდერნის ‘’ Art Nouveau ‘’სტილის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს და გამოირჩევა არსებულ განაშენიანებაში თავისი დამახასიათებელი ფასადით. მას საკუთარი არქიტექტურული-გეგმარებითი თავისებურებანი აქვს, კერძოდ, სახლის გეგმა, ეზოს ფასადი, სადარბაზოს კარის ლუნეტში ვიტრაჟი, რომელიც განსაკუთრებული ღირებულებისაა . შენობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის ინდივიდუალური არქიტექტურული იერსახის შექმნაში.