შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის  გამზ.#28, ალ.ჭავჭავაძის 2# . შოთა რუსთაველის (ძველად გოლოვინის) გამზირზე განთავსებული შენობა მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული მახასიათებლების მქონე ნაგებობაა.  კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, მისი ფასეულობა მხატვრული, ისტორიული და ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობით განისაზღვრება. გოლოვინის პროსპექტის XIX-XX საუკუნის განაშენიანებასთან შედარებით გამორჩეულად დიდი ზომისა და გაბარიტის წყალობით ნაგებობა იოლად იქცევს ყურადღებას. შენობის მხატვრულ-არქიტექტურულთან ერთად ისტორიულ მნიშვნელობას განსაზღვრავს ფაქტი, რომ აქ 1880-იან წლებში ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალ „ივერიის“ რედაქცია განთავსდებოდა.
შენობის ძველი ქართული აგურით ნაგები, გეგმით ლათინური გრაფემა „U“-ს ფორმის მქონე თავდაპირველი მოცულობა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს აგებული. თავდაპირველად იგი სამსართულიანი იყო. XX საუკუნის დასაწყისში, 1910-იანი წლების ბოლოს ალ. ჭავჭავაძის ქუჩის სიღრმეში მას ასევე ლათინური „U“-ს ფორმის, ამჯერად უკვე რუსული აგურით ნაგები ფლიგელი მიუშენეს. მისი სიმაღლე ერთი სართულით სცდებოდა ძველი მოცულობისას. საბოლოოდ ერთმანეთს მიხორცებულმა ფლიგელებმა შეადგინა ერთიანი, კუბური მოცულობის მქონე შენობა, რომლის ნაწილებიც სწორკუთხა მოხაზულობის, ჩაკეტილი ტიპის შიდა ეზოს გარშემოა ორგანიზებული. ცოტა მოგვიანებით, 1930-იანი წლების დასაწყისში ნაგებობას მეოთხე და ატიკის სართული დააშენეს, რის გამოც სახლი მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა, საბოლოოდ ხუთსართულიანი გახდა და დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა. მხატვრული გადაწყვეტით დანამატი სართული შენობის საფასადო კომპოზიციას ეხმიანება, რითაც მასთან ორგანულად დაკავშირებას „ცდილობს“, თუმც საკმარისად მკვეთრად შვერილი კარნიზის თავზე ამომართული ატიკი არც მის მეორად წარმომავლობას არ მალავს.  აღსანიშნავია, რომ ერთიანი მხატვრული კონცეფციითაა დამუშავებული როგორც მთავარი, ისე ალ. ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი, რომელიც ფსევდორენესანსულ-ნეოკლსიცისტური სტილისა და ეკლექტიზმის ნიშნებს ატარებს.