შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ.#19-ში მდებარე თავდაპირველი ნაგებობა 1840 წელს აიგო და ეკუთვნოდა მამუკა ჯამბაკურ- ორბელიანს. ორსართულიან შენობას ამკობდა სამი დიდი ხის აივანი. 1866 წელს აქ გაიხსნა სასტუმრო "ლირა", რომელსაც შემდეგ დაერქვა "ამერიკა" და "ბაიარსკის ნომრები". პირველ სართულზე განთავსებული იყო მაღაზიები,  მეორეზე კი სასტუმროს ნომრები. 1905 წელს აქ  პირველი ზამთრის კინოთეატრი "ელექტრონული ფანარი"გაიხსნა. 1910 წელს შენობა პირველი გილდიის ვაჭარმა მიქაელ არამიანცმა შეისყიდა და მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციაც გადაწყდა, რომელიც იმ პერიოდში ცნობილ არქიტექტორს ალექსანდრე ოზეროვს დაევალა. შენობის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ 1914 წელს აქ ისევ სასტუმრო "პალას ოტელი" გაიხსნა. ეს იყო ფეშენებელური სასტუმრო ლიფტით, ცენტრალური გათბობით, აბაზანებით, ელექტროენერგიით, ორსართულიანი გოთურ სტილში გადაწყვეტილი რესტორნით. ამავე შენობაში ფუქნციონირებდა თბილისში საკმაოდ ცნობილი კინოთეატრი ,,არფასტო“, რომლის სახელწოდებაც თავისი ხუთი შვილის სახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა (არამი, ფლორა, ანა, სოლომონი, ტამარა, ოვანესი). თუმცა სამწუხაროდ რამდენიმე წელში, კერძოდ კი 1918 წელს შენობა მთლიანად დაიწვა. ოზეროვისეული შენობისგან მხოლოდ ფასადიღა შემორჩა. შემდგომი შენობის რეკონსტრუქცია 1923-1924 წლებს უკავშირდება, როდესაც დამწვარი ნაგებობის აღდგენა არქიტექტორ მ. აბესალომოვს დაავალეს. დღემდე მოღწეული შენობის ფასადი, 1910-1914 წლებშია შექმნილი არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის პროექტის მიხედვით, ხოლო ინტერიერი 1923-1924 წლის რეკონსტრუქციის შედეგია, რომელიც არქიტექტორ აბესალომოვის მიერ განხორციელდა. 1923-1927 წლებში შენობაში "სასცენო ხელოვნების ინსტიტუტი", ხოლო 1933 წლიდან" სასცენო ხელოვნების უმაღლესი კურსები" ფუნქციონირებდა. სახკინმრეწვთან და რუსთაველის თეატრთან შექმნილი იყო დრამატული სტუდიებიც, რომელთა ბაზაზე 1939 წელს თეატრალური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. თუმცა შენობაში პარალელურად სხვადასხვა ფუნქციის დაწესებულებებიც მრავლად იყო.