დეტალური ინფორმაცია
მ.კოსტავას ქ.# 25-ში მდებარე ქართველი კრიტიკოსის, მთარგმნელის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი აგებულია 1905 წელს ცნობილი რუსი არქიტექტორის, ა. ოზეროვის მიერ. უხვად დეკორირებული სამსართულიანი ნაგებობა თავისი მდებარეობითა თუ არქიტექტურული გადაწყვეტით არსებული განაშენიანების ხუროთმოძღვრულ დომინანტს წარმოადგენს. შენობა ერკერით აქცენტირებული ჩამოკვეთილი კუთხით გამოდის მოედანზე და, პრაქტიკულად, პირველი შეხედვისთანავე სრულად აღიქმება. საფასადო შემკულობა იდენტურია სახლის ორივე ფასადისთვის, რისი წყალობითაც შენობა მხატვრულ მთლიანობას ინარჩუნებს. მაგრამ, ამგვარი მხატვრული "სოლიდარობის" მიუხედავად, მაინც გამოიკვეთება მ. კოსტავას ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი, რომელსაც კედლის სიბრტყიდან ოდნავ ამოზიდული, სიმაღლეში საგრძნობლად აცდენილი, საფეხურებიანი ფრონტონით დასრულებილი რიზალიტის გამო, მთავარი შეიძლება ეწოდოს. ამასთან ერთად, ცალკე ფასეულობას იძენს ნაგებობის კუთხე, რომელიც ერკერის მკაფიო ვერტიკალის, ერთიანი დეკორატიული თაღის ქვეშ მოქცეული შეწყვილებული თაღოვანი სარკმლებისა და პარაპეტის ლითონის აჟურული შპილით დაგვირგვინებული საფეხურებიანი შვერილის წყალობით დამოუკიდებელ სეგმენტად იკვრება. რეალურად, სწორედ სახლის ეს კუთხე უნდა მოვიაზროთ მის მთავარ ფასადად.
სტილისტური თვალსაზრისით ნაგებობა ეკლექტიკურია, ატარებს როგორც რენესანსის, ისე გუთური არქიტექტურული პროფილების სტილიზაციის საფუძველზე აგებულ მოდერნის ‘’Art Nouveau’’ ნიშნებს. შენობა უთუოდ მაღალი არქტირექტურულ-მხატვრული ღირებულებისაა და მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისთვის.