მელიქ აზარიანცის სახლი

დეტალური ინფორმაცია

მელიქ აზარიანცის სახლი, ქალაქის ღირშესანიშნაობად ითვლება და თბილისური მოდერნის ‘’Art Nouveau ‘’ ყველაზე მასშტაბური ნაგებობაა. აშენებულია,  1913-1915 წლებში,  ნიკოლაი ობოლონსკის პროექტის მიხედვით.
საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, 1 გილდიის ვაჭარი წარმომავლობით სომეხი, ალექსანდრე მელიქ აზარიანცი, დაიბადა თბილისში, 1847 წელს. მელიქ-აზარიანცები დიდგვაროვნები იყვნენ, თავად „მელიქი“ ერთგვარ ტიტულად მიიჩნეოდა. აზარიანცს საკმაო ქონება მემკვიდრეობით ერგო. მან განათლება პეტერბურგში მიიღო. პროფესიით გეოლოგი, არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი იყო. 
ეს იყო თბილისში ყველაზე დიდი საშემოსავლო სახლი, ერთგვარი კომპლექსი, რომელიც 6 სადარბაზოში ნაწილდებოდა. შენობა აღჭურვილი იყო მუდმივი ელექტროენერგიით, წყალმომარაგებით, სამზარეულო და სააბაზანო აღჭურვილობით, რომელიც ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენდა, საკუთარი სატელეფონო სადგურით, საბავშვო ბაღით, ფოტო-სალონით, სამხატვრო გალერეით, კინოთეატრით, შადრევნიანი, მცენარეებით გაშენებული ბაღითა და სხვა აღჭურვილობით. გარდა ამისა, შენობა განსაკუთრებული არქიტექტურითა და მხატვრული სახით ხასიათდებოდა, შენობა შემკული იყო უნიკალური ბარელიეფებითა და დეკორატიული ნალესობით, სადარბაზოს მოხატულობით და ინტერიერის შემკულობით, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. 
შენობის მხატვრულ-არქიტექტურული სახე, მოდერნის “Art Nouveau” -ს სტილისთვის დამახასიათებელ ფაქტურულ კონტრასტს ეფუძნება. ნაგებობის მთავარი ფასადის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია აგებულია ასიმეტრიაზე, არათანაბარი ზომისა და ფორმის ელემენტების ურთიერთკავშირზე, განსხვავებული მოსაპირკეთებელი მასალის ფერთა და ფაქტურათა კონტრასტზე, და მიუხედავად სხვადასხვაგვარად და უხვად დეკორირებული კედლის ზედაპირისა, მთლიანობაში, იქმნება ფასადის გაწონასწორებული, ჰარმონიული დიდებულებით აღსავსე ერთიანი სახე. შენობა ორგანულად ერგება რელიეფს და ერთნაირი გულისყურით არის გააზრებული არამხოლოდ შენობის ძირითადი ფასადები არამედ მცირე დეტალებიც კი. მეტად ტრაგიკული აღმოჩნდა შენობის მეპატრონის ბედი, რომელსაც გასაბჭოების შემდეგ შენობა ჩამოართვეს, ოჯახი საფრანგეთში გაიხიზნა.  თავად მელიქ აზარიანცი კი უკიდურეს სიღატაკეში, თავისი იდეით აგებული სახლის სადარბაზოს საგუშაგო ჯიხურში, კიბის ქვეშ გარდაიცვალა.